საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტს მიმართა საგარეო და კულტურის კომიტეტებში დამოუკიდებელი წევრის კვოტით გაწევრიანების შესახებ. ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი, თუმცა არ უთქვამს, აპირებს თუ არა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას.
როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, კომიტეტებში 15-ვე ადგილი შევსებულია და საკითხის განხილვა მხოლოდ კვოტების ხელახალი გადანაწილების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
“კომიტეტში არის უკვე 15 წევრი, შესაბამისად, კომიტეტი შევსებულია. აქედან გამომდინარე, დამატებით წევრს ვერ მივიღებთ. ეს საკითხი შეიძლება განხილული იქნას მას შემდეგ, რაც ახალი კვოტების თანახმად გადანაწილდება წევრების რაოდენობა და გამოთავისუფლდება ადგილი უფრაქციო დეპუტატისთვის”, — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ამ დროისთვის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები არიან ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი, დავით ზილფიმიანი, მარიამ ლაშხი, თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, ირაკლი ბერაია, მაკა ბოჭორიშვილი, ანა ბუჩუკური, გივი მიქანაძე, ალექსანდრე მოწერელია, სალომე სამადაშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ლევან ქარუმიძე და ირაკლი ჩიქოვანი.
პარლამენტი გეგმავს რეგლამენტში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას და კომიტეტებსა და საერთაშორისო დელეგაციებში კვოტების ხელახლა გადანაწილებას. პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მზადყოფნა გამოთქვა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წევრების რაოდენობა 17-მდე გაიზარდოს, ასევე, დააანონსა კონსულტაციები ოპოზიციასთან, რათა მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს ყველას სურვილი, თუ რომელ კომიტეტსა და დელეგაციაში სურს საქმიანობა.
