ახალი ამბები

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს

23 მაისი, 2021 • 899
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვების გაშლა დაიწყეს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, საბა კვანტრიშვილის თქმით, მოედანზე 50-მდე კარვის გაშლა იგეგმება, რომელშიც რეგიონიდან ჩამოსულები დარჩებიან. მისი თქმით, ჯერ არ არის განსაზღვრული რამდენი ხნის განმავლობაში იქნება კარვები გაშლილი. კვანტრიშვილის თქმით, ეს დამოკდებულია მოვლენების განვითარებაზე და სახელმწიფოს მხირდან გადადგმულ ნაბიჯებზე.

აქციის ორგანიზატორების თქმით, კარვების გაშლის შესახებ თბილისის მერია ინფორმირებულია.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესასრულებლად ხვალ 12:00 საათამდე მისცეს დრო, შემდეგ კი დედაქალაქის პიკეტირება დააანონსეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ოთხი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”.
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხსიმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ ჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი