ახალი ამბები

პარტიაში არის იდეალური, ჰარმონიული სიტუაცია — ირაკლი ღარიბაშვილი

23 მაისი, 2021 • 920
პარტიაში არის იდეალური, ჰარმონიული სიტუაცია — ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტზე მან, შესაძლოა ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლოს.

“ეს არის შეგნებული პროვოკაციული ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ჩვენი დეგრადირებული, ფაქტობრივად დაშლილი, დაქუცმაცებული ოპოზიციის მხრიდან იმისთვის, რომ თავად გადაფარონ საკუთარ პარტიაში არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა. ეს არის მთავარი მიზეზი. დღეს პარტიაში და ჩვენს ხელმძღვანელობაში არის იდეალური, ჰარმონიული სიტუაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო, ერთ მუშტად შეკრული სიტუაცია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვიზიტისას.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები, მეორე დღეა, შეხვედრებს მართავენ პარტიის რეგიონულ აქტივთან.

“გუშინ ვიყავით აჭარაში, დღეს უკვე სამეგრელოს მხარეში ვიმყოფებით. გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა, ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე. მოგეხსენებათ, რომ არჩევნები გაიმართება ოქტომბრის დასაწყისში. მთავარი დავალება, რაც ჩვენ მივეცით ადგილზე პარტიულ ორგანიზაციებს, არის, რომ მაქსიმალური მობილიზება მოვახდინოთ ჩვენი ამომრჩევლების, აქტივის იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ ამ არჩევნებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს პარტიაში მზაობა და მოტივაცია არის ძალიან მაღალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი პარტია გაიმარჯვებს დამაჯერებლად”,— განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი