ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსური დელეგაცია სირიის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება

21 მაისი, 2021 • 2250
ოსური დელეგაცია სირიის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს “RES” ინფორმაციით, 22 მაისს დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები სირიის არაბულ რესპუბლიკაში გაემგზავრებიან და საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდებიან.

RES-ს ინფორმაცია დაუდასტურა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ალან თადტაევმა.

თადტაევის განცხადებით, ოსური დელეგაცია 6 ადამიანისგან შედგება, საიდანაც 2 წევრი წარმოადგენს დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს, სამი – დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 1  კი- დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს.

“დელეგაცია მიწვეულია, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე”, – განაცხადა თადტაევმა.

ოსური დელეგაციის წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან სირიის მმართველი ბაასის პარტიის წარმომადგენლებს.

“ახლა დგას სირიაში საელჩოს გახსნის საკითხი. ყველა საკითხი განხილულია მხარეების მიერ და მალე სამხრეთ ოსეთის დროშა აღიმართება ჩვენს დიპლომატიურ უწყებაზე”, – განუცხადა RES-ს თადტაევმა.


სირიაში “საპრეზიდენტო არჩევნები” 26 მაისს გაიმართება.

ბოლო ასეთი არჩევნები 2014 წელს, მხოლოდ იმ ტერიტორიაზე ჩატარდა, რომელსაც სირიის მმართველი ბაშარ ალ-ასადი აკონტროლებდა. მან 2014 წელს ხმათა 88 პროცენტზე მეტი მოიპოვა.

წელს ბაშარ-ალ ასადის რეჟიმი გაცილებით დიდ ტერიტორიას აკონტროლებს, ვიდრე 2014 წელს. არჩევნებში, გარდა ასადისა, ასევე მონაწილეობენ მაჰმუდ აჰმედ მერეი და აბდულა სალუმ აბდულა.

საერთაშორისო საზოგადოებამ სირიის წინა არჩევნები არადემოკრატიულად და არალეგიტიმურად შეაფასა. წლევანდელ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების როლი [გარდა ბაშარ ალ-ასადისა] საერთაშორისო შემფასებლების მიერ ფორმალურად ფასდება.

სირიის არაბთა რესპუბლიკამ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი