ახალი ამბები

ზღვისუბანში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – საგანგებო

20 მაისი, 2021 • 871
ზღვისუბანში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – საგანგებო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, თბილისში, მონადირის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, მონადირის ქუჩაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. ზარის ავტორის თქმით, ხანძარი გავრცელებული იყო ერთსართულიან შენობაზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, პირველი მორეაგირე ჯგუფები ადგილზე რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

მათი ინფორმაციით, შენობაში განთავსებული იყო საწყობი და ავეჯის საამქრო.

უწყებაში აცხადებენ, რომ შენობის სიახლოვეს არის დასახლებული ტერიტორია და არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა სწრაფი რეაგირების შედეგად საშიშროების თავიდან არიდება დროულად მოხერხდა.

საგანგებოს თქმით, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

მასალების გადაბეჭდვის წესი