ახალი ამბები

განათლების სამინისტრო “Жизнь ворам” წარწერის გაშუქებასთან დაკავშირებით მედიას ადანაშაულებს

20 მაისი, 2021 • 1736
განათლების სამინისტრო “Жизнь ворам” წარწერის გაშუქებასთან დაკავშირებით მედიას ადანაშაულებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 51-ე სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების შეფასებით, “ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერში ორი დღეა ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდებში კრიმინალური იდეოლოგიის არსებობის შესახებ, რითაც მოხდა ამ ნიშნით სკოლის მოსწავლეთა დისკრედიტაცია და მოზარდებში კრიმინალური სამყაროს პოპულარიზაცია”.

“ასეთმა არაჯანსაღმა და არაპროფესიონალურმა ინფორმაციულმა ზეწოლამ კონკრეტული სკოლის კონკრეტული მოსწავლე რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააყენა”, — ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

განათლების სამინისტრო მედიასაშუალებებს მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილე და პროფესიონალიზმი გამოიჩინონ მოზარდებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გაშუქებისას, არ დაარღვიონ მათი უფლებები, რათა ზიანი არ მიადგეს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას.

“საგანმანათლებლო დაწესებულებებში დიდი ყურადღება ეთმობა ჯანსაღი და პოზიტიური გარემოს შექმნაზე მუშაობას, რაშიც, თავის მხრივ, აქტიურად არის ჩართული მანდატურის სამსახური – როგორც მანდატურები, ისე ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი. ამ მიმართულებით სკოლებში არაერთი პროგრამა ხორციელდება. ჩვენთვის უმთავრესია მოზარდებში სწორი ღირებულებებისა და თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება, მათი სრულყოფილ პიროვნებებად აღზრდა”, — ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

19 მაისს მანდატურის სამსახურის უფროსი 51-ე სკოლაში მონიტორინგზე მივიდა, სადაც დაფაზე წარწერა “Жизнь ворам” (ქურდებს სიცოცხლე) დახვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი