ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“«Спутник V»-ის ალტერნატივა, იმედია, გაჩნდება” – როგორ მიმდინარეობს აფხაზეთში ვაქცინაცია

20 მაისი, 2021 • 1829
“«Спутник V»-ის ალტერნატივა, იმედია, გაჩნდება” – როგორ მიმდინარეობს აფხაზეთში ვაქცინაცია

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი


აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ დაწყებულ ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობა 100 -ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მოსახლეობის პასიურობა სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული.

23 წლის სოხუმელი ვიქტორია ვართაგავა ტურიზმის სფეროში მუშაობს. მისი თქმით, ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს, რადგან არ ენდობა რუსეთის წარმოებას და “სპუტნიკის” ალტერნატივას ელოდება. 

“მით უმეტეს, დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ არ აღიარა სპუტნიკი. ევროკავშირის ქვეყნებშიც მხოლოდ სხვა პრეპარატებით აცრილებს მიიღებენ. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით აფხაზეთში ალტერნატივა გაჩნდება. იქამდე კი საკუთარი იმუნიტეტის იმედზე ვარ”,-  ამბობს ვიქტორია. 

ტურიზმის სფეროში მუშაობს ალიას უბირიაც, თუმცა მისი მიზეზი, თუ რატომ არ აპირებს აცრის გაკეთებას, განსხვავებულია. 

“თუ დამავალდებულებენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიკეთებ, მაგალითად, თუ მეტყვიან, რომ ვაქცინის გარეშე ვერ წავალ სოჭში, რადგან თითქმის ყოველდღე მიწევს ადლერის აეროპორტში ტურისტების დახვედრა. შესაბამისად, თუ აცრაზე იქნება ჩემი მუშაობა დამოკიდებული, სხვა რა გზა არ მექნება და ავიცრები. შემოდგომაზე ჩემს ცოლს ჰქონდა კორონავირუსი, მე კი არ გადამედო. ასე რომ, ვისაც ნამდვილად სჭირდება, ასაკოვან ხალხს ვგულისხმობ, ჯერ ისინი აცრან”, – ამბობს ალიასი. 

აცრის გაკეთებას არ ჩქარობენ პენსიონერებიც. 73 წლის ალა ლასურია პენსიონერია და, ამავდროულად, მუშაობს ბუღალტრად. ქალი კორონავირუსით 2020 წლის ოქტომბერში დაინფიცირდა და მკურნალობას კოვიდ ცენტრში გადიოდა. დაავადება მსუბუქად გადაიტანა.  

“ანტისხეულებზე შევიმოწმე ამ დღეებში და, როგორც აღმოჩნდა, აღარ მაქვს, მაგრამ აცრაზე მისვლას მაინც არ ვჩქარობ. ჯერ ახალგაზრდები აიცრან. მათ უფრო სჭირდებათ აცრა. მე ჯერ პირბადით ვივლი სამსახურში, თან მარტო ვზივარ კაბინეტში”, – ამბობს ქალი.

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი რუსული პრეპარატით, «Спутник V»-ით, რომელსაც აფხაზეთში თებერვლის ბოლოდან ელოდნენ, მაისის შუა რიცხვებში დაიწყო. 

ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოდან ჟურნალისტები ჯანდაცვის მაშინდელ მინისტრს, თამაზ წახნაკიას და მთავარ ექიმს, ლუდმილა სკორიკს კითხვებით თავს ესხმოდნენ, ბოლოს და ბოლოს როდის დაიწყებოდა ვაქცინაციის პროცესი, იქნებოდა თუ არა ის უფასო, პირველ რიგში, ვის გაუკეთებდნენ მას და ა.შ. 

თავად მოსახლეობა არც ისე დიდი შემართებით ითხოვდა ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას. CОVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით აფხაზეთში არაცალსახა პოზიციებს ფეისბუკზე დისკუსიებიც მოწმობდა. 

სოციალური ქსელების აფხაზურ სექტორში აქტიურად განიხილავენ ხოლმე აფხაზეთისთვის მწვავე საკითხებს, თუმცა ვაქცინაქციის თემა არცერთ პერიოდში ყოფილა საინტერესო. პოლიტიკამ და კრიმინალმა ჯანდაცვის თემები მეორე პლანზე გადაწია.

დღეს, როცა ვაქცინა, როგორც იქნა, ჩამოიტანეს, ეს თემა პოპულარული ისევ ვერ გახდა. ამჟამად ვაქცინის პირველი ტრანში მოსკოვიდან – 6 500 დოზა  30000 დოზამდე უნდა გაიზარდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ 15 ათასი ადამიანი უნდა აცრან. 

რამდენიმე დღის წინ გადამდგარი ჯანდაცვის მინისტრი თამაზ წახნაკია ამბობს, აფხაზეთში 15 000 ადამიანი უკვე დაავადდა ახალი კორონავირუსით, ვაქცინის 30 000 დოზა კი სავსებით საკმარისი ინება იმისთვის, რომ დაავადება გონივრულ საზღვრებში შეაკავონ. ამასთან, 15 ათასი დაინფიცირებული – ეს ოფიციალური რიცხვია, რეალური მონაცემი, სავარაუდოდ, მეტია იმ ადამიანების გათვალისწინებით, ვინც სახლში მკურნალობს, კოვიდ-ტესტს არ აბარებს, ან უბრალოდ უსიმპტომოდ გადაიტანა.

“ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ კოლექტიური იმუნიტეტის ფორმირებისთვის საკმარისი იქნება ადამიანების ეს რაოდენობა”.

ამასთან, ყოფილი მინისტრი ვარაუდობს, რომ აფხაზეთმა შეიძლება რუსული ვაქცინა «Спутник V» სახელმწიფო შესყიდვების გეგმებში შეიტანოს. 

“51 მილიონი [თითქმის, 700 ათასი აშშ დოლარი] რუბლია გამოყოფილი ბიუჯეტიდან 2021 წელს ჯანდაცვის საჭიროებებზე. ამ ფულით ვაქცინის ყიდვაც შეიძლება”, – ამბობს წახნაკია. 

თუკი ვაქცინის შემოტანამდე საუბარი იყო იმაზე, რომ პირველ ეტაპზე აიცრებოდნენ ექიმები, მასწავლებლები და ტურისტულ სფეროში დასაქმებული მოქალაქეები, ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთანავე გაირკვა, რომ ვაქცინაცია ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. 

ვაქცინაციის პირველ დღეს მსურველებს ანტისხეულებზე ტესტის წარდგენას სთხოვდნენ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში შეუძლებელია მსგავსი ცნობის უფასოდ აღება [კერძო ლაბორატორიებში დაახლოებით 10 დოლარი ღირს], მოქალაქეებმა ასეთი მოთხოვნა უკანონოდ მიიჩნიეს. 

“ჩვენ მოქალაქეებს უფასო ვაქცინით უზრუნველვყოფთ და ამასთან, ვითხოვთ ცნობას, რომელშიც არც ისე მცირე თანხა უნდა გადაიხადონ. ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა, ამიტომაც ყველა მსურველს შეუფერხებლად გავუკეთებთ აცრას”, – ამბობს ლუდმილა სკორიკი, აფხაზეთის მთავარი ექიმი.  თუმცა, ამასთან, რეკომენდაციას მაინც აძლევს მოქალაქეებს, აცრამდე ანტისხეულების დონე განსაზღვრონ, რადგანაც კორონავირუსის გადატანა უსიმპტომოდაც შეეძლოთ.  

სოხუმში ვაქცინის გაკეთება ორ პოლიკნილიკაშია შესაძლებელი. აფხაზეთის სხვა რაიონებსა და ქალაქებში თითო პუნქტია.

დღესდღეობით ვაქცინაციის პუნქტებში ძირითადად საპენსიო ასაკის მოქალაქეები, ე.წ. რისკჯგუფის წარმომადგენლები არიან.

ირინა კირიუშინა, სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის თანამშრომელი გვიყვება, რომ დიდხანს ელოდა ვაქცინაციის შესაძლებლობას ისიც და მისი კოლეგებიც, რომელთა შორის ბევრია ასაკოვანი. 

ყველა მათგანს სრულფასოვან ცხოვრებაში სურს დაბრუნება, რადგან ასაკის გამო ბევრი ადამიანი პანდემიის დაწყებისთანავე სამსახურებიდან დროებით “გაუშვეს” და, შესაბამისად, შეუზღუდეს ურთიერთობები. 

“მკურნალობა ძალიან ძვირია და ჩემს კოლგებს უფრო მეტად ფინანსური დანახარჯების ეშინიათ. ამიტომ სხედან სახლში. ვაქცინა საშუალებას მოგვცემს, ცხოვრებას დავუბრუნდეთ”, – ამბობს ქალი.

სოხუმელი ნანული ტყებუჩავა ვაქცინის გასაკეთებლად მაშინვე მივიდა, როგორც კი გაიგო, რომ ამის შესაძლებლობა გაჩნდა. ქალი ნერვიულობს, რომ ტურისტული სეზონის დაწყებიასთან ერთად აფხაზეთში დავადებულთა რიცხვი გაიზრდება, ვაქცინაცია კი, როგორც ის გვეუბნება, საშუალებას მისცემს, დაიცვას საკუთარი თავიც და ახლობლებიც.

ამ ეტაპზე აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 100-ზე ცოტა მეტი ადამიანი აიცრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი