ახალი ამბები

თბილისის განვითარების ფონდი აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს

19 მაისი, 2021 • 1294
თბილისის განვითარების ფონდი აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს

დედაქალაქის მერიის განცხადებით, თბილისის განვითარების ფონდმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის თანადაფინანსებით ხორციელდება:

“თბილისის განვითარების ფონდმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. ეს შენობა-ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. პროექტი ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, შენობის ექსტერიერი და ინტერიერი სრულად განახლდება. ასევე, განახლდება ავეჯი და ეზო კეთილმოეწყობა”, — აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოები 2022 წლის დეკემბერში დასრულდება. კალაძის თქმით, მუზეუმში დაცული კოლექციები უნიკალურია და წარმოდგენას გვიქმნის კავკასიასა და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში აბრეშუმის ქსოვილის წარმოებასა და გამოყენებაზე.

“აქ თავმოყრილია დიდი ინფორმაციის მქონე ნიმუშები და ექსპონატები. ვფიქრობ, მუზეუმის რეაბილიტაცია წარმოაჩენს არა მხოლოდ შენობის მნიშვნელობას, არამედ აქ დაცული ექსპონატების განსაკუთრებულობას. ძალიან მიხარია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებას ვახერხებთ. სამუშაოები 2022 წლის დეკემბერში დასრულდება”, — განაცხადა დედაქალაქის მერმა.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი, მერიის თქმით, დაახლოებით 3 მლნ 300 ათასი ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი