ახალი ამბები

საიამ პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტების შესახებ მოსაზრებები წარუდგინა

18 მაისი, 2021 • 849
საიამ პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტების შესახებ მოსაზრებები წარუდგინა

საიამ საქართველოს პარლამენტს ფრაქცია “ქართული ოცნებისა” და პარლამენტის წევრების მიერ ამნისტიის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა.

დოკუმენტი მიმოიხილავს იმ სამართლებრივ მოცემულობებს, რომლებზეც საერთაშორისო სამართლით აკრძალულია ამნისტიის განხორციელება და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით 2021 წლის 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიულ იმპლემენტაციას.

საია მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის  1441-3 (წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლებზე ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობის სრულ გამორიცხვასთან ერთად, ამნისტია არ უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“  და ,,გ“ ქვეპუნქტებზე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით/ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით).

საიას აზრით, იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გაზიარებული მოსაზრება 333-ე მუხლთან მიმართებით ამნისტიის გაუვრცელებლობის შესახებ, კანონმა  აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულის თანხმობა, როგორც სავალდებულო წინაპირობა, ამნისტიის სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“  და ,,გ“ ქვეპუნქტებთან მიმართებით გავრცელების თაობაზე.

“ქართული ოცნების” დოკუმენტში არის ჩანაწერი 333-ე მუხლის ამნისტირებასთან მიმართებით, ანუ იქ არის ყველა დანაშაულის ამნისტირება, უბრალოდ, გამორიცხულია წამება, არადამიანური მოპყრობა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. თუმცა აქ არასწორი კცვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება. თან მეორე საკითხი არის ის, რომ 1441-3, ანუ არადამიანურ მოპყრობასა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“  და ,,გ“ ქვეპუნქტებს შორის არის ერთგვარი სამართლებრივი პრობლემა და კონკურენცია მუხლებში, რომ ერთმანეთის მკვეთი ნორმებია. არასწორი კვალიფიკაციით არის გამოძიება დაწყებული, შესაბამისად, ეს არასწორი კვალიფიკაცია პრაქტიკულად განაპირობებს იმას, რომ ამნისტია შესაძლებელია გაგრძელდეს იმ პირებზე, რომლებმაც კონვენციური დანაშაული ჩაიდინეს”, — განაცხადა საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა.

ამნისტია ბრალდებულის თანხმობით — “ოცნების” კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი