ახალი ამბები

უმუშევრობის დონე 2020 წელს გაიზარდა და 18.5%-ს მიაღწია – საქსტატი

18 მაისი, 2021 • 1384
უმუშევრობის დონე 2020 წელს გაიზარდა და 18.5%-ს მიაღწია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში 2020 წელს უმუშევრობა 0.9%-ით გაიზრდა. უწყება ამბობს, რომ ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის 18.5% უმუშევარია.

საქსტატი უმუშევრად მიიჩნევს ადამიანს, რომელიც 15 წლის ან უფროსი ასაკისაა და გამოკითხვის განმავლობაში: 1. არ იყო დასაქმებული; 2. გასული 4 კვირის განმავლობაში აქტიურად ეძებდა სამუშაოს და პოვნის შემთხვევაში მზად იყო მუშაობის დასაწყებად უახლოესი 2 კვირის განმავლობაში.

სქრინი: საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50.5 პროცენტი შეადგინა.

„წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) წინა წელთან შედარებით შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.6 პროცენტული პუნქტით. ასევე, დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად, 1.3 და 1.8 პროცენტული პუნქტით“, – ამბობა უწყება.

ამავე წლის მონაცემებმა აჩვენა, რომ უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (43.9%), ხოლო ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში (7.3%) – „რის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის დაბალი მაჩვენებელი,“.

მათივე ინფორმაციით, 2020 წელს უმუშევრობის დონე ქალაქებში წინა წელთან შედარებით გაზრდილია 2%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია – 0.9%-ით.

ამასთანავე, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.1 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

„წინა წელთან შედარებით 2020 წელს უმუშევრობის დონე გაზრდილია თბილისის, ქვემო ქართლის და აჭარის რეგიონებში, შესაბამისად, 3.8, 2.8 და 1.1 პროცენტული პუნქტით, აღნიშნული მაჩვენებელი უცვლელია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენ რეგიონებში უმუშევრობის დონის კლება ფიქსირდება“, – ამბობს საქსტატი.

სქრინი: საქსტატი

2020 წელსვე უმუშევრობის დონე უფრო მეტად კაცებში გაიზარდა (1.3%), ვიდრე ქალებში (0.2%). თუმცა:

„სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 62.0 პროცენტს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში შემცირებულია 2.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0,3 პროცენტული პუნქტით“, – წერს საქსტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი