ახალი ამბები

ლასო აბუთიძის მკვლელობაში ბრალდებულებს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ

17 მაისი, 2021 • 5756
ლასო აბუთიძის მკვლელობაში ბრალდებულებს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში 2020 წელს მოკლული ლასო აბუთიძის საქმეზე ბრალდებულ პირებს 15-15 წლით თავისუფლებსი აღკვეთა მიესაჯათ.

განცხადებიას აღნიშნულის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურ მკვლელობასა და ცემაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი.ქ-მ და ვ.ს-მ ჯგუფურად, გაგუდვის გზით განზრახ მოკლეს ლასო აბუთიძე. იმავდროულად, ვ.ს. ფიზიკურად გაუსწორდა მ.ც-ს, რომელიც აბუთიძის მკვლელობაში ბრალდებულებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა.

“სამართალდამცველებმა ი.ქ. და ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. ი.ქ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად), ხოლო ვ.ს-ს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა და ძალადობა) წარედგინათ. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა” ,- აცხადებენ პროკურატურაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ი.ქ. და ვ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი