ახალი ამბები

დღეიდან “კომენდანტის საათი” 23:00 საათიდან დაიწყება

17 მაისი, 2021 • 1802
დღეიდან “კომენდანტის საათი” 23:00 საათიდან დაიწყება

დღეიდან, 17 მაისიდან, ე.წ. კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დაიწყება და 05:00 საათმდე იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობა ავრცელებს.

“როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მასშტაბით გადაადგილებაზე მოქმედებს შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00-საათმდე. ეპიდემიოლოგიური ტენდენციების დეტალური ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ. კერძოდ, დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათმდე პერიოდში. აქვე მივმართავთ მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე”, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი, ნოემბრის ბოლოდან მოქმედებს. ბიზნესის სხვადასხვა სექტორი უკვე რამდენიმე თვეა მთავრობას გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმების თხოვნით მიმართავდა. ასევე, იყო შეთავაზებაც, კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად 23:00 საათზე დაწყებულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი