ახალი ამბები

მთავრობის მორიგი შეღავათი გადასახადის გადამხედელთათვის

17 მაისი, 2021 • 1298
მთავრობის მორიგი შეღავათი გადასახადის გადამხედელთათვის

მთავრობა განიხილავს ინიციატივას, რომელიც გადასახადის გადამხდელს გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით შესაძლებლობას მისცემს, დარიცხული ჯარიმა-საურავები სრულად შეიმციროს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს, 17 მაისს, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ინიციატივა საგადასახადო დავალიანებებთან დაკავშირებით მთავრობამ მოიწონა.

“გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, დღემდე წარმოშობილი, ეს იქნება აღიარებული საგადასახადო დავალიანება თუ არაღიარებული, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით შესაძლებლობა ექნება, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები. ამისთვის გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს აღნიშნული პირობები.

გადასახადის გადამხდელს, რომელთა მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არსებითად შედგება ჯარიმა-საურავებისგან, შესაძლებლობა ექნებათ, ანალოგიური პირობით განახორციელონ საგადასახადო დავალიანებაზე შეთანხმების განხორციელება დავალიანების 30%-ის გადახდის შემთხვევაში”, — განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ეხება ყველა გადასახადის გადამხდელს და გადასახადის გადამხდელის ყველანაირ საგადასახადო დავალიანებას, მათ შორის, აღიარებულს და საგადასახადო დავაში მყოფს, ეს იქნება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თუ საგადასახადო სისტემაში.

“მსგავსი ფორმით და პირობებით წარმოდგენილი განცხადებები, ფაქტობრივად, ავტომატურ რეჟიმში იქნება დაკმაყოფილებული, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პროცესი იყოს სწრაფი და მარტივი და შეუფერხებლად განხორციელდეს აღნიშნული შეთანხმების განხორციელება.

მნიშვნელოვანია ის, რომ ჯარიმა-საურავების პატიების შესახებ აღნიშნული გადაწყვეტილება არის ერთჯერადი ხასიათის, რომელიც უკავშირდება გადამხდელებისთვის პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების დაძლევას და იქიდან გამომდინარე, რომ სრულად ხდება ძირითადი თანხის გადახდა, ამ ფორმით აღნიშნული ინიციატივა არანაირად არ შექმნის არაკონკურენტულ გარემოს”, — განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, მეწარმეებს უკვე 18 მაისიდან ექნებათ შესაძლებლობა, მსგავსი ფორმით მიმართონ შემოსავლების სამსახურს აღნიშნული საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელებს ელექტრონულად მიეწოდებათ ინფორმაცია მათ პორტალზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი