ახალი ამბები

უცხოური საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ლგბტქი თემს სოლიდარობას უცხადებენ

16 მაისი, 2021 • 1610
უცხოური საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ლგბტქი თემს სოლიდარობას უცხადებენ

საქართველოში გაეროს, ევროკავშირის წარმომადგნელობა და მოქმედი საელჩოების ნაწილი ლგბტქი თემს მხარდაჭერას უცხადებს. ამასთან დაკავშირებით, მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

“დროა მხარი დავუჭიროთ ლგბტქი+ პირების თანასწორ უფლებებს და მათ მიმართ სამართლიან მოპყრობას საქართველოში”, – ასე ქვია განცხადებას, რომელიც ხელმოწერილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოების, საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიერ.

“ვერთიანდებით, რათა ყველამ იცხოვროს თავისუფალ და თანასწორ გარემოში უსაფრთხოდ და ღირსეულად”, — აღნიშნულია განცხადებაში.

მათი თქმით, ლგბტქი+ ადამიანები საქართველოში კვლავ აწყდებიან მიკერძოებას, სტიგმას, შემცირებულ შესაძლებლობებს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით, ასევე ხდებიან ძალადობრივი სიძულვილის და დანაშაულის მსხვერპლი.

ხელმომწერები მოუწოდებენ ყველა შესაბამის უწყებას, მიიღონ მტკიცე ზომები, რათა დასრულდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის, ასევე, გამოხატვის საფუძველზე დისკრიმინაციის ყველა ფორმა.

ამასთან, ისინი საქართველოში მიღწეულ პროგრესს ლგბტქი+ პირების მიმართ დისკრიმინაციისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ ბევრ მონაწილეს ეკისრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი, რათა კანონით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების ყოვლისმომცველი დაცვა ეფექტურად აისახოს ცრურწმენებსა და ძალადობაზე, რომლებსაც ლგბტქი+ პირები, ორგანიზაციები და მათი მოკავშირეები ყოველდღიურად აწყდებიან საქართველოში.

“მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, მათი პასუხისმგებლობის სფეროებში განათლებისა და ხელმძღვანელობის გზით, მაღალი პრიორიტეტი მიანიჭონ დისკრიმინაციასა და სტიგმასთან ბრძოლას, მათ შორის, ძალადობის თავიდან აცილების გზით, პატივისცემით და თანაგრძნობით განწყობილი საჯარო დისკურსის მიღებით, დანაშაულის გამოძიებითა და სამართალდამრღვევთა პასუხისგებაში მიცემითა და ლგბტქი+ ორგანიზაციების თავისუფალი საქმიანობის ხელშემშლელ ძალადობრივ ქმედებებზე სათანადო სამართლებრივი რეაგირებით”, — აღნიშნავენ ხელმომწერები.

მათივე განცხადებით, პანდემიაზე რეაგირების პროცესში, საქართველომ პირველად დაინახა სოციალური სოლიდარობის და ყველას, მათ შორის, ლგბტქი+ პირების მხარდაჭერის სარგებელი.

“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იგივე სულისკვეთება დაეხმარება საქართველოს აღმოფხვრას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საფუძველზე დისკრიმინაცია და მიიღოს ყველა ადამიანის მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და ძალა როგორც ქვეყნის სიძლიერის წყარო. ყველა ადამიანის თანაბარი უფლებების მიმართ პასუხისმგებლობის ხაზგასმით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ძალისხმევას”, — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, ხვალ 17 მაისს აღინიშნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი