ახალი ამბები

„გთხოვთ, დამეხმარეთ, მშია!“ — 55 წლის შშმ ქალი დახმარებას ითხოვს

14 მაისი, 2021 • 2559
„გთხოვთ, დამეხმარეთ, მშია!“ — 55 წლის შშმ ქალი დახმარებას ითხოვს

„გთხოვთ, დამეხმარეთ! მშია… უფალმა დაგლოცოთ… მადლობა ყველას…!“ — ეს წარწერა თბილისში, კონსტიტუციის ქუჩის 6-ში, ნახევრად მიტოვებული საწარმოს პატარა ფანჯრის რაფაზეა გამოდებული.

ფანჯრის მიღმა, დაახლეობით 5 კვ.მ. ოთახში 55 წლის მზია ვეკუა მარტო ცხოვრობს. მზია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. გადაადგილება არ შეუძლია. მის ოთახს, რომელიც საძინებლის, საპირფარეშოსა და სამზარეულოს ფუნქციებს ერთდროულად ითავსებს, მხოლოდ ერთი პატარა ფანჯარა აქვს. გამვლელებისთვის სწორედ ამ ფანჯრის რაფაზე დატოვა წარწერა დახმარების თხოვნით.

ეს ფანჯარა მზია ვეკუასთვის, ფაქტობრივად, ერთადერთი კავშირია გარესამყაროსთან, ვინაიდან საწარმოს დიდი რკინის კარი უმეტესად ჩაკეტილია. შენობაში შესვლა მხოლოდ მთავარი შესასვლელიდანაა შესაძლებელი, რომელსაც დაცვა იცავს.

„მერიის შენობაა.. მე და სხვა ოჯახები აქ შემოსახლებულები ვართ, შეჭრილს მეძახიან“, — უთხრა მზია ვეკუამ ნეტგაზეთს.

მზია ვეკუა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„ახალგაზრდობაში მუდამ დედა ტერეზას მეძახდნენ,“ — იხსენებს მზია, თან იცინის. ამბობს, რომ წარსულში ექთნად მუშაობდა, შემდეგ- ბაზრობაზე. როგორც შეეძლო, ყოველთვის ეხმარებოდა სხვებს. ახლა კი თავადაა მეზობლების იმედზე.

მზია ვეკუა ჯერ 55 წლისაა, შესაბამისად, პენსიას ვერ იღებს. მისი ერთადერთი შემოსავალი 60-ლარიანი დახმარებაა, რომელსაც შშმ პირის სტატუსის გამო იღებს. მას ასევე ერგება უფასო საკვები სასადილოდან, თუმცა მოტეხილი ფეხისა და გართულებული ოპერაციის შემდეგ ვეღარ გადაადგილდება. ვეღარ იღებს სასადილოს კერძებსაც — მისი საიდენტიფიციკაციო ბარათით სხვას საჭმელს არ ატანენ, არადა, ამბობს, რომ მას ცოტაც ეყოფოდა.

მზია ვეკუას საწოლი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

სანამ მზია ვეკუასთან ინტერვიუს ვწერდით, მასთან მეზობელი ირა მოვიდა და 2-ლიტრიანი ბოთლით წყალი მოუტანა. მზიას ოთახში სველი წერტილი არ არის. ძველი, ჯერ კიდევ საბჭოთადროინდელი საპირფარეშო და ონკანი მხოლოდ შენობის მე-2 სართულზეა. ქალი, რომელსაც ფეხზე ღია ჭრილობა აქვს, უკვე 6 თვეა, რაც ზემოთ ვერ ადის. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ საპირფარეშომდე მისასვლელი გზა დანაგვიანებულია.

წყლის ბოთლები მზია ვეკუას ოთახში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„ვერ მივედი კიდევ ერთხელ რენტგენზე… ალბათ, ოპერაცია იქნება… სიცოცხლე აღარ მინდა…. რა არ ვცადე, მაგრამ სიკვდილს არ ვუნდივარ.

23 წელია, თბილისში ქირით ვცხოვრობდი, ხან სად, ხან სად. სანამ ვმუშაობდი, თავს ვირჩენდი, ყველას ვეხმარებოდი. ბევრი მეუბნება, მასთან წავიდე, მაგრამ ყველას თავისი პრობლემა აქვს, თავისი ოჯახი აქვს. მირჩევნია, აქვე მოვკვდე, ვიდრე ზედმეტი ტვირთი ვიყო ვინმესთვის. ყველგან კარგი სტუმარი ვიყავი მანამდე, ახლა კი ასეთ მდგომარეობაში სხვასთან ვერ დავწვები“, — ეუბნება მზია ნეტგაზეთს.

მზია ვეკუა ამბობს, რომ მას გამგეობიდან ერთხელ შესთავაზეს 1 წლით მერიის ხარჯით ქირით გადასვლა. მას ამ ოთახის დატოვების სანაცვლოდ ქირაში 300 ლარს გადაუხდიდნენ, რაზეც არ დათანხმდა: „არ მინდა, მერე სად წავიდე-მეთქი, აქ სიკვდილი მირჩევნია“.

მზია ვეკუას ოთახი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„ოჯახის წევრები არ მყავს, შორეული ნათესავები, მოგვარეები მეხმარებიან. ერთი საოცარი გოგოა ზუგდიდში. ხან რას მიგზავნის, ხან — რას.

სასადილო, რომელიც მეკუთვნის, დღეში ნახევარი პური და ერთი კერძი. ბარათი ავატანე, ვიღაცამ რომ მომიტანოს, ფანჯრიდან მომაწოდონ. რაც არ მეკუთვნის, იმას ხომ არ ვითხოვ, მაგრამ არ მაძლევენ. ადრე, სანამ ფეხი გამირთულდებოდა, ჯოხით მივდიოდი.

სხვა რომ გავაგზავნე, იმას არ მისცეს, ვინც ჩვენთან არის ჩაწერილი, იმას მიეციო და იმათ თუ გავატანთ, სხვას ვერაო. ვარ ასე“, — გვეუბნება ის.

ამბობს, რომ გამოკვლევებზე შეიძლება რამენაირად წასულიყო, თუმცა შიში აქვს — ისეთი რამ უთხრან, რომელსაც ვერ უმკურნალებს. მკურნალობის შესაძლებლობა არ აქვს.

მზია ვეკუას ოთახი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

კითხვაზე, რა სჭირდება ყველაზე მეტად, დაუფიქრებლად გვპასუხობს:

“სიარული!”

მზია ვეკუას ასევე ვკითხეთ, რა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები სჭირდება, რაც მის ცხოვრებას მცირედით მაინც გააუმჯობესებდა, რაზეც მორიდებულად გვითხრა:

“ყველაზე აუცილებლად? ერთი ნახევრად გაფუჭებული ტელეფონი მაქვს, რადიოს იჭერს და იქიდან ვიღებ ინფორმაციას. ეს არის ჩემთვის ყველაფერი… ლეიბი და „პროსტინა“; რამე ძონძები, ლოგინში რომ მეცვას…

პატარა მაცივარი თუ აქვს ვინმეს, ვისაც არ სჭირდება, გადასაგდები — ძალიან გამიმარტივებდა ცხოვრებას. ასევე ძალიან პატარა ვენტილატორი, აქ რომ დავდო. ვინმეს გადასაგდები ექნება. აქ ისე დუღს ყველაფერი, მზე რომ მოადგება, სუნთქვა შეუძლებელია. ყავარჯენიც მინდა, პატარა ვარ და პატარა ყავარჯენი… როგორმე იქნებ დავდგე ფეხზე, მაინც მინდა სიცოცხლე.. ვა-ვა ჩემი თავი,“

მზია ვეკუა ცხოვრობს კონსტიტუციის ქუჩის 6 ნომერში. თუ მისი დახმარების სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ დაურეკოთ პირად ნომერზე 568 61 87 24. 

მზია ვეკუას ფანჯარა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი