ახალი ამბები

“ისრაელის მცდელობა სტატუსი შეუცვალოს იერუსალიმს, უკანონოა” – ლავროვის მოადგილე

12 მაისი, 2021 • 1249
“ისრაელის მცდელობა სტატუსი შეუცვალოს იერუსალიმს, უკანონოა” – ლავროვის მოადგილე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი ვერშინინის განცხადებით, ისრაელმა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს იერუსალიმის სტატუსის შეცვლის მცდელობები და დასახლებების მოწყობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მან ამის შესახებ რუსულ Ria Novosti-ს განუცხადა.

“ჩვენ ამ მხრივ მივიჩნევთ, რომ უკანონო და არასწორია ისრაელის მცდელობა, შეცვალოს წმინდა ქალაქის, იერუსალიმის გეოგრაფიული, დემოგრაფიული და ისტორიული მახასიათებლები და სტატუსი”, – განაცხადა ვერშინინმა.

ვერშინინმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთი მხარს უჭერს საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოს ისრაელ-პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პასუხობს პალესტინელი ხალხის მისწრაფებებს, ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო, და აგრეთვე -ისრაელის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერის დიალოგი სხვა საკითხებთან ერთად შეეხებოდა ისრაელი-პალესტინის საკითხსაც.

ერდოღანმა საკუთარ განცხადებაში ახსენა, რომ მან გამოთქვა მოსაზრება ისრაელში საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების გაგზავნის შესახებ, რომელიც დაიცავდა მშვიდობიან პალესტინელ მოსახლეობას.

ისრაელში პალესტინელ მოსახლეობასა და ღაზას სექტორში არსებულ სამხედრო ჯგუფებსა და ისრაელის საპოლიციო და თავდაცვის ძალებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღეა გრძელდება, რაც თავდაპირველად იერუსალმიში ისრაელის პოლიციასთან შეტაკებებით დაიწყო, მოგვიანებით კი ორმხრივ დაბომბვებში გადაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი