ახალი ამბები

უკრაინაში პრორუს პოლიტიკოსს სამშობლოს ღალატში სდებენ ბრალს — მედია

11 მაისი, 2021 • 1044
უკრაინაში პრორუს პოლიტიკოსს სამშობლოს ღალატში სდებენ ბრალს — მედია

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატს და პრორუსული პარტიის – „ოპოზიციური პლატფორმა  სიცოცხლისთვის“ – ლიდერ ვიქტორ მედვედჩუკს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შვილის ნათლიად ასახელებენ, პროკურატურა სამშობლოს ღალატსა და ყირიმში ეროვნული რესურსების გატაცების მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ „ინტერფაქს უკრაინა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, ბრალი ასევე წაუყენეს დეპუტატ ტარას კოზაკს.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ Facebook-ზე დაწერა, რომ ბრალი ორ დეპუტატს — მ-ს და კ-ს წაუყენეს. მისივე თქმით, მ-ს ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე უცნობიათ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კი განაცხადა, რომ ვიქტორ მედვედჩუკის სახლში ჩხრეკა ტარდება.

აქამდე, თებერვალში, უკრაინის მთავრობამ მედვედჩუკს და მის მეუღლე ოქსანა მარჩენკოს სამწლიანი სანქციები დაუწესა და მათი აქტივები დააპატიმრა.

სანქციები აგრეთვე შეეხო ტარას კოზაკს. მუშაობა შეწყვიტეს მისმა მედიასაშუალებებმა, ტელეარხებმა „112 უკრაინა“, „NewsOne“ და „ZIK“. უკრაინული მედიის ცნობით, კოზაკს და მედვედჩუკს ერთობლივი ბიზნესიც აქვთ.


გარეკანის ფოტო: ვიქტორ მედვედჩუკი (მარცხნივ) და ვლადიმერ პუტინი. ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი