ახალი ამბები

“ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრას 45 წელს ზემოთ პირებიც შეძლებენ

11 მაისი, 2021 • 826
“ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრას 45 წელს ზემოთ პირებიც შეძლებენ

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრას 45 წელს ზემოთ პირებიც შეძლებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა.

საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრა ამ დრომდე მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოქალაქეებითვის არის შესაძლებელი. თუმცა, როგორც გაბუნია ამბობს, 45 წელს ზემოთ პირები ვაქცინაზე რეგისტრაციას 12 მაისიდან შეძლებენ.

“იქნა განხილული “ასტრაზენეკას” გამოყენების საკითხი. ამ ვაქცინის გამოყენება ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით 55 წელს ზემოთ ხდება. გასულ კვირას გერმანიამ გადაწყვეტილება მიიღო ასაკობრივი შეზღუდვის სრულად მოხსნის შესახებ, თუმცა სხვა ქვეყნები ჯერჯერობით ამ [ზღვარს] ინარჩუნებენ. რისკების შეფასებისა და დამატებითი კონსულტაციების შედეგად საბჭომ მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ ასაკობრივი ზღვარი “ასტრაზენეკასთვის” შემცირდეს 45 წლამდე. ანუ 55 წლის ნაცვლად ხვალ, დღის ბოლოდან, 20:00 საათიდან “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას შეძლებენ მოქალაქეები 45 წლის და ზემოთ ასაკში”,-განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას განმარტებით, შესაძლო გართულებები, რის გამოც “ასტრაზენეკაზე” სხვადასხვა ქვეყანამ შეზღუდა ასაკი, ძალიან იშვიათია. “კიდევ უფრო იშვიათია მაღალ ასაკში, თუმცა 45 წლის შემდეგ ექსპერტებმა ჩათვალეს, რომ საკმარისად უსაფრთხო იქნება ჩვენს ქვეყანაშიც “ასტრაზენეკას” გამოყენების გაგრძელება”,-აცხადებს გაბუნია.
კითხვზე, “ასტრაზენეკას” რა მარაგები აქვს ქვეყანას და რეალურად რამდენი ადამიანი შეძლებს კიდევ აცრას. გაბუნია პასუხობს, რომ “ასტრაზენეკას” შემთხვევაში 10 ათასამდე ჯავშანი კიდევ შესაძლებელია. ამას გარდა, შესაძლოა ქვეყანამ კოვაქსის მეშვეობით ვაქცინის დამატებითი დოზები კვლავ მიიღოს.
“ასტრაზენეკას” მარაგს რაც შეეხება, 43 ათასი დოზა დამატებით შემოვიდა. ვვარდაუდობთ, რომ დამატებით დოზებთან ერთად, დაახლოებით 8-10 ათასი თავისუფალი ჯავშანი “ასტრაზენეკაზე” რომ გაკეთდეს, კიდევ შესაძლებელია. ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ ვაქცინის დოზები კიდევ დაემატება კოვაქსის პლატფორმიდან, რაც საშუალებას მოგვცემს, მეორე დოზით აცრა უკვე ახალი ჩამოსული პარტიიდან ჩატარდეს. ასე რომ, გარკვეული ოდენობა “ასტარზენეკას” თავისუფალი დოზების ჯერჯერობით გვაქვს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი