ახალი ამბები

ცდილობდნენ ოფისში შემოეგზვნათ პროვოკატორი, რომელიც შტურმისას სპეცრაზმს ესროდა – მელია

11 მაისი, 2021 • 1268
ცდილობდნენ ოფისში შემოეგზვნათ პროვოკატორი, რომელიც შტურმისას სპეცრაზმს ესროდა – მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ თებერვალში, მის დაკავებამდე, როდესაც პარტიის ოფისში მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, “ქართულ ოცნებას” ე.წ. პროვოკატორები ჰყავდა შეგზავნილი, რომლებსაც ოფისში სპეცრაზმის შეჭრის შემთხვევაში სიტუაციის გამწვავება ჰქონდათ დავალებული. ამის შესახებ მელიამ დღეს, 11 მაისს ისაუბრა.

“ისინი ცდილობდნენ, რომ ოფისში შემოეგზავნათ პროვოკატორი, რომელიც შტურმის დროს შეიარაღებულ დაპირისპირებას გაუწევდა სპეცრაზმს. ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა. ნებისმიერი პროვოკატორი, რომელიც ფანჯრიდან გაისვრიდა სპეცრაზმის მიმართულებით და წარმოიდგინეთ, ამას როგორი ფართო პროპაგანდისთვის მიეცემოდა გასაქანი. წავიდოდა არათუ მსჯელობა, მტკიცება იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში იყვნენ შეიარაღებული ადამიანები, საერთაშორისო საზოგადოების ნაწილს ისინი შეცდომაში შეიყვანდნენ, სანამ მოვახერხებდით სიმართლის გარკვევას, და ამასობაში ოფისში მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი ჩემთან ერთად შეიძლება ყოფილიყო ციხეში და ან გამოვიდოდნენ, ან არა… ვითარება იქნებოდა აბსოლუტურად სხვა”, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, დაკავებამდე ბოლო 4 დღის განმავლობაში ცდილობდა, საჯაროდ და შიდა სივრცეში ეწარმოებინა კამპანია იმისთვის, რომ ყოველგვარი დაპირისპირება თავიდან აერიდებინათ. მელიას განმარტებით, კოლეგებთან ინდივიდუალურად მუშაობდა იმაზე, რომ უცხო პირების შემჩნევის შემთხვევაში მათ მიმართ ყურადღებით ყოფილიყვნენ.

“ამ საფრთხის განეიტრალება ჩვენ მოვახერხეთ. მგონი, არავის უთქვამს დღემდე, რომ დაახლოებით 20 ადამიანი გავაძევეთ მეგობრებმა, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ ისინი იყვნენ შემოგზავნილი. უმტკივნეულოდ მოხერხდა მათი გაძევება. ეჭვი არ მეპარება, რომ “ქართულ ოცნებას” ეს ჩანაფიქრი ჰქონდა იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა ინფორმაცია. ყველაფერი ჟონავდა “ქართული ოცნებიდან” ძირითადად, რაც უკავშირდებოდა ოპერაციას და ეს ინფორმაციაც გვქონდა მიღებული მცირე ჯგუფს. ამიტომ, სადაც თქვენი კამერა არ მუშაობდა, ჩვენ გვიან ღამემდე ვმუშაობდით ოთახებში და პრაქტიკულად ინდივიდუალურად გავდიოდით ადამიანებზე, სიის ამოკითხვა იყო პრაქტიკულად შემოღებული ძალაში, ვინ შემოდიოდა და ვინ გადიოდა. ეს საფრთხე ავიცილეთ და ამით ვიყავი ბედნიერი”, – განმარტა მელიამ.

ნიკა მელია მიმდინარე წლის 23 თებერვალს დააკავეს. მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალა. ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მან არ გადაიხადა 30 000-ლარიან გირაოს დამატებული 40 000 ლარი, რომელიც ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის მოხსნისთვის, 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით დაეკისრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 25 თებერვალს დაუშვებლად ცნო საჩივარი მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც პროკურატურამ ბრიფინგი გამართა და მზადყოფნა გამოთქვა, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, მიემართა სასამართლოსთვის შუამდგომლობით მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს 9 მაისს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა ევროკავშირის შექმნილი ფონდის, “ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის” (European Endowment for Democracy) მიერ გირაოსთვის 40 000 ლარის გადახდა. პროკურატურამაც სასამართლოსგან სწორედ ამ რაოდენობის გირაოს შეფარდება მოითხოვა.

გირაოს თანხის გადახდის შემდეგ მელიამ საპატიმრო გუშინ, 10 მაისს დატოვა.

ევროპული ფონდის მიერ გირაოს გადახდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების შედეგია.

ნიკა მელიას 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში ედება ბრალი. ხელისუფლების ვერსიით, ნიკა მელიამ დემონსტრანტებთან ერთად პარლამენტში შეჭრა სცადა, რასაც პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებად მიიჩევს თავად პოლიტიკოსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი