ახალი ამბები

მთავრობა მოიჯარეებს მიწის შესყიდვაზე 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

10 მაისი, 2021 • 1471
მთავრობა მოიჯარეებს მიწის შესყიდვაზე 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მეიჯარეებს, რომელთაც მიწის გამოსყიდვა მოუნდებათ, სახელმწიფო 25%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს.

როგორც თურნავამ დღეს, 10 მაისს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, ფასდაკლებით ის მოქალაქეები ისარგებლებენ, რომლებსაც წლებია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა იჯარით აქვთ აღებული. მისინისტრის განმარტებითვე, ამ ეტაპზე ქვეყანაში სახელმიწფოს დაახლოებით 2 ათასი მოიჯარე ჰყავს და ეს პროგრამა მიწის გამოსყიდვის შესაძლებლობას მათთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

“დღეს მთავრობამ მიიღო საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უთუოდ გაახარებს იმ ფერმერებს, რომელთაც იჯარით აქვთ აღებული მიწები და ფიქრობდნენ მიწის გამოსყიდვაზე. მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის წინ მოიჯარეებს დავრთეთ ნება, მათ, ვინც მრავალი წლის მანძილზე ამუშავებს სახელმწიფო მიწებს, პირდაპირი წესით საბაზრო ფასად გამოისყიდონ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები. ვაკვირდებოდით ტენდენციას.

ფასები საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ბევრ მოიჯარეს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ამ უფლებით ისარგებლოს, რადგან ფასი საკმაოდ მაღალია და მთლად ხელმისაწვდომი არ არის. ვიმსჯელეთ და იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ხელმისაწვდომობა, საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, უფრო ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი უფლება და პირდაპირი წესით შეიძინონ მიწები. ამიერიდან შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება 25%-იანი ფასდაკლებით”, — აცხადებს თურნავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი