ახალი ამბები

დონბასში კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

7 მაისი, 2021 • 650
დონბასში კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი კვლავ აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას და თავს ესხმის უკრაინული ძალების პოზიციებს.

სამინისტროს განცხადების თანახმად, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა ცეცხლის განახლების 16 შემთხვევა, რასაც შეეწირა ორი უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე და მძიმედ დაშავდა ერთი ერთი ჯარისკაცი.

უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპული სამხედროები მტრის მიერ განხორციელებულ დაბომბვას ემსხვერპლნენ.

დაშავებული ჯარისკაცი გადაყვანილია სამკურნალო დაწესებულებაში, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა.

უკრაინის აღმოსავლეთში დაპირისპირება დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკების მებრძოლებსა და უკრაინის თავდაცვის ძალებს შორის მარტის დასასრულს გამწვავდა, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში დამატებითი ძალების შეყვანა.

აპრილის ბოლოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დასრულებულად გამოეცხადებინა ჯარის მობილიზება და სამხედრო წვრთნები, რომელიც შავ ზღვაში, მათ შორის ყირიმის ანექსირებულ წყლებში მიმდინარეობდა.

უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთის მიერ ძალების მობილიზება გახლდათ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე სისტემური და წარმოადგენდა საფრთხეს უკრაინული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის.

ვითარების შედარებით დასტაბილურების პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს დონბასის ნებისმიერ წერტილში შეხვედრა შესთავაზა. საპასუხოდ პუტინმა განაცხადა, რომ იგი ზელენსკის ნებისმიერ დროს შეხვდებოდა მოსკოვში, მაშინ, როცა ეს თავად ზელენსკისთვის იქნებოდა მოსახერხებელი.

მოგვიანებით ზელენსკიმ იტალიურ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ ორი ლიდერის შეხვედრის საუკეთესო ადგილი ვატიკანი იქნებოდა, რომელსაც შეეძლო მხარეებს შორის მედიატორის როლის შესრულება.


უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლას 2021 წელს შეეწირა კიდევ ერთი ქართველი მებროძოლი დავით შარტავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი