ახალი ამბები

სამხრეთიდან გამოგზავნილი ბროშურები, შესაძლოა, Covid-19-ს შეიცავდეს — ჩრდილოეთ კორეა

7 მაისი, 2021 • 1481
სამხრეთიდან გამოგზავნილი ბროშურები, შესაძლოა, Covid-19-ს შეიცავდეს — ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი მოსახლეობა გააფრთხილა, რომ სამხრეთ კორეიდან გაშვებული პროპაგანდისტული ბროშურები, შესაძლოა, ახალ კორონავირუსს შეიცავდეს. გაფრთხილება სახელმწიფო მედიაში გავრცელდა.

პროპაგანდისტულ ბროშურებს, ბუშტების მეშვეობით, სამხრეთ კორეის სასაზღვრო ტერიტორიებიდან ჩრდილოეთ კორეისკენ აქტივისტები ხშირად უშვებენ. ფლაერებზე ძირითადა, დატანილია კრიტიკა ჩრდილოეთის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მიმართ და სხვა ინფორმაცია, რომელსაც ჩრდილოეთის მოსახლეობა ცენზურის გამო ვერ იღებს.

“გარდიანის” ცნობით, მიმდინარე პერიოდში ჩრდილოეთის სახელმწიფო მედიამ მოქალაქეებს მოუწოდა, არ მიუახლოვდნენ სამხრეთიდან გამოგზავნილ ბროშურებს.

“მაშინაც კი, როცა ჰაერში მოფრიალე უცნაურ საგანს გადავაწყდებით, უნდა განვიხილოთ ის, როგორც მავნე ვირუსის გადაცემის შესაძლო გზა და არა ჩვეულებრივი ფენომენი”, — წერს ჩრდილოეთის ერთ-ერთი სახელისუფლებო გაზეთი.

ამავე გამოცემამ ხალხს მოუწოდა, დაფიქრდნენ და იმოქმედონ Covid-19-ის თანმდევი მითითებების ფარგლებში.

ჩრდილოეთ კორეიდან დევნილთა ჯგუფი სამხრეთის სასაზღვრო ქალაქიდან ჩრდილოეთის მიმართულებით კრიტიკულ ბროშურებს გზავნის. 02.04.16 ფოტო: EPA

ამ გაფრთხილებას წინ უძღოდა სამხრეთ კორეის პოლიციის რეიდი ჩრდილოეთ კორეიდან დევნილი აქტივისტის, პარკ სან-ჰაკის ოფისში, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ ასობით ათასი პროპაგანდისტული ბროშურა გაუშვა ჩრდილოეთისკენ. სამხრეთში მიღებული ახალი, საკამათო კანონის თანახმად, მსგავსი აქტივობები იკრძალება და 3 წლამდე პატიმრობით ისჯება. “გარდიანის” მიხედვით, ოფიციალური პირები კანონს  ჩრდილოეთ კორეის “არასაჭირო პროვოცირების” თავიდან აცილების, ასევე, სასაზღვრო რეგიონებში მცხოვრები სამხრეთელებისთვის მშვიდობის უზრუნველყოფის გზად განიხილავენ.

“3 ან 30 წელიც რომ მოგვისაჯონ… ჩვენ გავაგრძელებთ ანტიჩრდილოური ბროშურების გაგზავნას, რათა გავაგებინოთ სიმართლე ჩვენს დაქანცულ, მშიერ თანამემამულეებს ჩრდილოეთ კორეაში”, — აღნიშნავს აქტივისტი პარკ სან-ჰაკი, რომელიც ახალ კანონს ეწინააღმდეგება.

სამხრეთ კორეის ხელისუფლებას საჯაროდ არ დაუდასტურებია, მართლაც გაგზავნა თუ არა ხსენებულმა აქტივისტმა ბროშურები ჩრდილოეთის მიმართულებით. შესაბამისად, დაუზუსტებელია, კონკრეტულად რომელ ბროშურებს ეხებოდა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის გაფრთხილება.

ამ მოვლენების თანადროულად, 2 მაისს, განცხადება გაავრცელა ჩრდილოეთის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გავლენიანმა დამ, კიმ იო ჩენმა. მან თქვა, რომ სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ კვლავ გაუშვეს ბროშურები, რაც “შეუწყნარებელი პროვოკაციაა” და ფხენიანში შესაბამისი ზომების მიღებაზე მსჯელობენ.

ჩრდილოეთი პროპაგანდისტული ბროშურების პრაქტიკაზე წარსულშიც ხისტად რეაგირებდა. მაგალითად, გასულ წელს ქვეყნის ხელისუფლებამ ააფეთქა საკუთარ ტერიტორიაზე აშენებული ნაგებობა, რომელიც ორ კორეას შორის კომუნიკაციების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. აღიშნულის წინაპირობად სწორედ ბროშურების საკითხი განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი