ახალი ამბებირეკლამა

„ინტერაქტიულ წიგნებზე“ განაცხადების მიღება იწყება – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“

6 მაისი, 2021 • 1114
„ინტერაქტიულ  წიგნებზე“ განაცხადების მიღება იწყება – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“

6 მაისს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია „ჯეოლაბის“ პროექტ „ინტერაქტიულ წიგნებზე“, განაცხადების მიღება იწყება.  

უფროსკლასელებისა და სტუდენტებზე გათვლილი სასწავლო კურსის ფარგლებში, პროექტის მონაწილეები, თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, მათ შორის, მულტიპლატფორმულ ძრავა Unity-ში მუშაობას შეისწავლიან. აღნიშნული პროგრამები, პროექტის შემდგომ ეტაპზე, ინტერაქციული წიგნების შექმნაში დაეხმარებათ, რასაც პროფესიონალ ილუსტრატორებთან, პროგრამისტებთან და საბავშვო ავტორებთან ერთად განახორციელებენ.

პროექტის მიზანია, ქართული ნაწარმოებების მიხედვით, ინტერაქტიული წიგნების შექმნა, მოკლე პრაქტიკული კურსების ჩატარება და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის გაზიარება.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ახალგაზრდების წიგნებითა და ლიტერატურით დაინტერესებაა, რისი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაც თანამედროვე ტექნოლოგიებია. „ჯეოლაბს“, ამ მიმართულებით, უდიდესი გამოცდილება აქვს, ამრიგად პროექტი „ინტერაქტიული წიგნები“ მოზარდებს მრავალმხრივ ცოდნასა და გამოცდილებას მისცემს. ისინი გაიცნობენ თანამედროვე ავტორებს, შეისწავლიან ილუსტრაციების სპეციფიკასა და შექმნიან საკუთარ წიგნს, რასაც მათთვის გასაგებ და ნაცნობ ენაზე გააკეთებენ“, – ამბობს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.

„გარდა იმისა, რომ “ინტერაქტიული წიგნები” ბავშვებს დაეხმარება საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ცოდნის მიღებაში, მისცემს შესაძლებლობას, თავიდანვე დაამყარონ სწორი კომუნიკაცია და შეიქმნან ჯანსაღი დამოკიდებულება თანამედროვე მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების მიმართ, ისწავლონ მათი სწორად გამოყენება ცოდნის მისაღებად და განვითარებითვის”, – ამბობს “ ჯეოლაბის “ დირექტორი ლანა ლაბაძე.

პროექტში მონაწილება შეუძლია 13-20 წლის ნებისმიერ მსურველს. სულ შეირჩევა 30 მსმენელი (თითო ჯგუფში 10 მონაწილე). შერჩევა განხორციელდება C#-ის პროგრამირების ენაზე შედგენილი საბაზისო, სამოტივაციო და ლოგიკურ კითხვებზე გაცემული პასუხების საფუძველზე დაგროვებული ქულებით. 

სალექციო კურსი 31 მაისს დაიწყება. სასწავლო პროცესი, წიგნების დეველოპმენტის ჩათვლით, ხუთ თვეს გაგრძელდება. პროექტის მონაწილეებს, კვირის განმავლობაში, ორი ორსაათიანი ლექცია ჩაუტარდება. კურსის ადგილზე ჩატარების შემთხვევაში, პროექტის ყოველი მონაწილე უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური კომპიუტერით. 

ტრენინგის სალექციო თემატიკა მოიცავს Unity-ს ძრავაზე მუშაობას, ვიზუალური ნაწილის Unity-ს გარემოში დამუშავებასა და C#-ის პროგრამულ ენაზე კოდის წერას. ტრენინგის დასრულების შემდეგ, პროექტის მონაწილეები, ინტერაქტიული წიგნების შექმნასა და ვიდეოთამაშებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას შეუდგებიან.  

პროექტის შედეგად შეწმნილი ინტერაქციული თამაშები, როგორც დამხმარე საშუალება, ხელს შეუწყობს ცოდნის გაღრმავებასა და დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორც ჯგუფში, ისე ინდივიდუალურადაც.  

თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი