ახალი ამბები

ლონდონმა და პარიზმა ლა-მანშში საპატრულო ხომალდები გააგზავნეს | მეთევზეთა კრიზისი

6 მაისი, 2021 • 1409
ლონდონმა და პარიზმა ლა-მანშში საპატრულო ხომალდები გააგზავნეს | მეთევზეთა კრიზისი

ბრიტანული მედიასაუშალება The Guardian-ის ცნობით, გაერთიანებულმა სამეფომ ორი საპატრულო ხომალდი გაგზავნა ლა-მანშის სრუტეში, საფრანგეთთან ახლოს მდებარე ბრიტანული კუნძულის, ჯერზის სიახლოვეს.

პარალელურად, სრუტეში საფრანგეთმაც გააგზავნა საპატრულო ხომალდი.

რატომ აგზავნიან მხარეები ხომალდებს 

ხომალდების გაგზავნის მიზეზი 80-მდე ფრანგული სათევზაო გემის მიერ ჯერზის დედაქალაქის, სენტ-ჰელიერის საპორტო მარშრუტის გადაკეტვა გახდა, რითაც ფრანგები ბრექსიტის შემდგომ ახლად დაწესებულ სათევზაო რეგულაციებს ეწინააღმდეგებიან.

ბრიტანეთმა ორი ხომალდი, სახელად “სევერნ” და “თამარი,” გაგზავნა, რომლებიც კუნძულიდან ერთი საზღვაო მილის მოშორებით გაჩერდნენ.

ლონდონის ცნობით, საპატრულო ხომალდები, რომლებიც ასევე არიან შეიარაღებულნი, “სიტუაციის მონიტორინგისთვის” გააგზავნეს, თუმცა ბრიტანეთში ამ გადაწყვეტილებას ასევე მოჰყვა კრიტიკაც. ოპოზიციური ჯგუფების განცხადებით, გემების გაგზავნის რეალური მიზეზი ადგილობრივ არჩევნებში კონსერვატორების მხარდაჭერის ხელოვნურად გაზრდაა.

პარიზის გადაწყვეტილებით, სრუტეში 32-მეტრიანი ფრანგული საპატრულო ხომალდი “ათოსი” შევიდა, რომელიც ამჟამად კუნძულიდან 8 საზღვაო მილის მოშორებით დგას. საფრანგეთის საზღვაო ჟანდარმერიამ დაადასტურა, რომ ხომალდი ჯერზის მიუახლოვდა “სიტუაციის მონიტორინგისა და ზღვის ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის”.

რა სურთ მეთევზეებს

ამჟამად ფრანგი მეთევზეები აპროტესტებენ ახალ ლიცენზიებს, რომელიც გასული კვირის პარასკევიდან შევიდა ძალაში და არეგულირებს სათევზაოდ გამოყოფილი დღეების რაოდენობას.

ამ გადაწყვეტილებამდე თევზაობის წესები რეგულირდებოდა დაახლოებით 200 წლის წინ მიღებული გრენვილის შეთანხმებით, რაც ჯერზის მეთევზეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, დონ თომპსონის განცხადებით, ფრანგულ მხარეს აძლევდა საშუალებას, მიეღო საკუთარი სათევზაო ლიცენზიები, რაც [ინტენსიური თევზაობა] საბოლოოდ, ხელს უწყობდა თევზის რესურსის შემცირებას.

მიუხედავად ამისა, ფრანგი მეთევზეების პროტესტს მხარს უჭერს ჯერზელი მეთევზეთა ნაწილიც.

კრის ლე მასურიემ, რომელიც სათევზაო კომპანიას ფლობს ჯერზიში, The Guardian-ს განუცხადა, რომ ახალი რეგულაციები არის “დისკრიმინაციული და დამაზიანებელი”.

ევროკავშირი მხარს უჭერს ფრანგ მეთევზეებს

ევროკავშირი მხარს უჭერს ფრანგი მეთევზეების მოთხოვნებს. გავრცელებულ განცხადებაში ევროკომისია წერს, რომ ის პირობები, რომელსაც ლა-მანშის სრუტის წყლებში ახალი სათევზაო ლიცენზიები ითვალისწინებს, არღვევს სავაჭრო შეთანხმებას, რომელსაც ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ საშობაო ღამეს მოაწერეს ხელი.

ევროკომისიის თანახმად, ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ახალი ლიცენზიების შესახებ უნდა ეცნობებინათ მეორე მხარისთვისაც – საფრანგეთისთვისა და ევროკავშირისთვის- და მიეცათ შესაბამისი ვადა, რათა გაცნობოდნენ და გამოეხატათ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ შეთავაზებაზე.

“ნებისმიერი ახალი პირობის დამატება სათევზაო ლიცენზიებში, რომელიც ზღუდავს ევროკავშირის აქტივობებს ბრიტანეთის წყლებში, აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ბრიტანეთისა და ევროკავშირის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შეთანხმების პრინციპებსა და მიზნებს. ასევე, ასეთი ახალი პირობები უნდა იყოს არადისკრიმინაციული”, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

“კომისიამ ნათლად მიუთითა გაერთიანებულ სამეფოს, რომ შეთანხმება არ არის დაცული. სანამ გაერთიანებული სამეფო არ უზრუნველყოფს დამატებითი არგუმენტაციის მოწოდებას ახალი პირობების შემოღებასთან დაკავშირებით, მანამდე ეს პირობები არ უნდა შესრულდეს”, – აცხადებს ევროკომისია.

საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, ლიცენზიების სისტემა არის “უსამართლო” და “მიუღებელი”.


კუნძული ჯერზი საფრანგეთთან ახლოს, ლა-მანშის სრუტეში მდებარეობს. მანამ, სანამ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო იყო, ჯერზის წყლებში თევზაობა ფრანგულ გემებს გამარტივებული წესით შეეძლოთ. მას შემდეგ, რაც ლონდონმა გაერთიანება დატოვა, საკუთარი რეგულირების სისტემის შექმნა დაიწყო, რაც ფრანგ მეთევზეებს ბრიტანულ წყლებში ლიმიტირებული თევზაობის ნებას რთავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი