ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რუსი სამშვიდობოების წყალობით მთიან ყარაბაღში სიტუაცია გამოსწორდა” | ლავროვი

6 მაისი, 2021 • 1512
“რუსი სამშვიდობოების წყალობით მთიან ყარაბაღში სიტუაცია გამოსწორდა” | ლავროვი

სომხეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მთიან ყარაბაღში განთავსებული რუსული სამხედრო კონტინგენტის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

“სიტუაცია მთიან ყარაბაღში მნიშვნელოვნად გამოსწორდა. უმნიშვნელო ინციდენტები ოპერატიულად და ეფექტურად რეგულირდება რუსი სამშვიდობოების მიერ, რომლებიც უსაფრთხოების გარანტად გვევლინებიან. ვხედავთ პოზიტიურ ტენდენციებს. სწორედ ისინი ადევნებენ თვალყურს ტყვეთა გაცვლას”, – განაცხადა  სერგეი ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არა აივაზიანთან შეხვედრის დროს.

თავის მხრივ, სომხური მხარის წარმომადგენელმა აზერბაიჯანში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება.

ლავროვმა სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი მოინახულა. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ლავროვსა და ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შორის.

ყარაბაღში 44- დღიანი ომის შემდეგ, რუსეთის შუამავლობით 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით, მთიან ყარაბაღში განთავსდა რუსული სამშვიდობო მისია, რომელიც დაახლოებით 2000-კაციანი შემადგენლობითაა წარმოდგენილი. რუსული მხარე აკონტროლებს ლაჩინის კორიდორსაც, რომელიც სომხეთს დე ფაქტო მთიან ყარაბაღთან აკავშირებს. სწორედ ისინი არიან ჩართული სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი