ახალი ამბები

გარეჯზე [ალიევთან] შევთანხდით, რომ დიალოგი დაჩქარდება – ღარიბაშვილი

5 მაისი, 2021 • 1442
გარეჯზე [ალიევთან] შევთანხდით, რომ დიალოგი  დაჩქარდება – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილის საკითხიც განიხილეს, რომელზეც საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისია მუშაობს. მისი თქმით, დავითგარეჯის გარშემო ორ ქვეყანას შორის დიალოგი გაგრძელდება და “დაჩქარდება”. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“განვიხილეთ დავითგარეჯის საკითხიც, ბუნებრივია, შევეხეთ ამ საკითხს, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება. კომისიები გააგრძელებენ მუშაობას ძალიან მალე და მოგვიანებით გახდება ცნობილი უფრო კონკრეტულად”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა კომისიაში რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავება, ღარიბაშვილმა კომენტარი არ გააკეთა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები კი მიუთითებენ, რომ ილიჩოვა და მელაშვილი პოლიტპატიმრები არიან. პროკურატურა ილიჩოვასა და მელაშვილს უშუალოდ დავით გარეჯის კომპლექსის საკითხს არ ედავება.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თავდაპირველად პატიმრობა შეუფარდა, რომელიც მიმდინარე წლის 28 იანვარს, კვლავ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გირაოთი შეიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი