ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ალიევმა | ოფიციალური ინფორმაცია

5 მაისი, 2021 •
რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და ალიევმა | ოფიციალური ინფორმაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს, 5 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ოფიციალური ვიზიტის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გაიმართა.

“ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გავმართე. ყურადღება გავამახვილეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გავუსვით ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტებს. ჩვენ ერთად უმნიშვნელოვანესი პროექტები გვაქვს განხორციელებული. ამიტომ, მიზანდასახულნი ვართ, რომ ასევე გავაგრძელოთ. მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენსრთიერთობებს. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას პრეზიდენტ ალიევს ბაქოში ჩვენი ოფიციალური დელეგაციის მიღებისთვის და მოხარული ვიქნები ვუმასპინძლო მას თბილისში”, – წერს ღარიბაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ოფიციალური ცნობით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს “ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტებს”.

“ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება. ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ძალიან წარმატებული იქნება და ჩვენს ძმურ ურთიერთობას გააძლიერებს ჩვენს ერებს შორის არსებული ისტორიული საფუძვლიდან. ჩვენი ძმური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ეს კარგ ფუნდამენტად მიგვაჩნია ჩვენი არსებული ურთიერთობის განვითარებისთვის, რაც დინამიკურობით ხასიათდება და მრავალ სფეროს მოიცავს. ძალიან მოხარული ვართ, რომ გვსტუმრობთ.

ჩვენ ერთობლივი პროექტების განხორციელების ძალიან კარგი ისტორია გვაკავშირებს, მათ შორის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში. აღნიშნულმა პროექტებმა შეცვალა რეგიონში არსებული სიტუაცია პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო მიმართულებით. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორული ურთიერთობების გარეშე ამ პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. გასული წლის ბოლო დღე სამხრეთის გაზის მილსადენის პროექტის განხორციელების ბოლო დღეს დაემთხვა, რომელსაც უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ფართო რეგიონის განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის, პროგნოზირებადობისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენი თანამშრომლობის გარეშე ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა.

მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას პროექტების განხორციელების უწყვეტი მხარდაჭერისთვის. ყველა ეს ინიციატივა წარმატებულ ამბავს წერდა ჩვენს ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასევე გაგრძელდება. ახლახან გარკვეულ მონაცემებს გადავავლე თვალი და შევიტყვე, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკაში კვლავ უმსხვილეს ინვესტორებს შორისაა. ეს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა, რითაც დადებითი და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნა. ვიცი, რომ ბევრ აზერბაიჯანულ კომპანიას სურს თქვენს ქვეყანაში მუშაობა და იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება. დღეს მიმოვიხილავთ აქამდე მიღწეულ შედეგებს და სამომავლო ნაბიჯებს დავგეგმავთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით აზერბაიჯანში და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

“თქვენ ბრძანეთ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს და რომ ეს ძმობა საუკუნეებს ითვლის. თქვენი მამის მიერ თბილისში ნათქვამი სიტყვები მინდა გავიხსენო, რომელმაც ბრძანა, რომ ჩვენ მეზობლობა ბედმა გვარგუნა. ქართველი და აზერბაიჯანელი ერების მეზობლობა ჩვენი ბედისწერაა. ამდენად, ურთიერთდაკავშირებულნი და ურთიერთდამოკიდებულნი ვართ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ოფიციალური ცნობითვე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ალი ასადოვთან. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან. ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი