ახალი ამბები

ბელგიელმა ფერმერმა შემთხვევით გადაწია საფრანგეთთან საზღვარი

4 მაისი, 2021 •
ბელგიელმა ფერმერმა შემთხვევით გადაწია საფრანგეთთან საზღვარი

ბელგიელმა ფერმერმა შემთხვევით რამდენიმე მეტრით გადაწია საფრანგეთთან ქვეყნის საზღვარი.

როგორც BBC წერს, აღნიშნული ისტორიით დაინტერესებულმა ადგილობრივმა ტყეში სეირნობისას აღმოაჩინა, რომ ქვა, რომელიც ქვეყნებს შორის საზღვარს ადგენდა, 2.29 მეტრით იყო გადაადგილებული.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, საზღვრის აღმნიშვნელი ქვა ბელგიელმა ფერმერმა საფრანგეთის ტერიტორიაზე იმის გამო გადაიტანა, რომ ტრაქტორის გზაზე ექცეოდა. გამოცემა წერს, რომ საერთაშორისო სკანდალის ნაცვლად მომხადრს ღიმილით შეხვდა ორივე ქვეყანა:

“მან ბელგიის ტერიტორია გაზარდა, საფრანგეთის კი შეამცირა, ეს კარგი აზრი არაა”, – განაცხადა ბელგიური ქალაქის მერმა, სადაც შემთხვევა მოხდა.

BBC აღნიშნავს, რომ საფრანგეთისა და ბელგიის საზღვარი 620 კილომეტრზეა გადაჭიმული და ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონის დამარცხებიდან 5 წლის შემდეგ, 1820 წელს დადგინდა. ქვა კი, რომელიც ფერმერმა გადაადგილა, 1819 წლით თარიღდება, როდესაც საზღვარი პირველად დადგინდა:

“გამიხარდა, რომ ჩემი ქალაქი გაიზარდა” ,- დაამატა ბელგიის მხარეს სასაზღვრო ქალაქის მერმა ხუმრობით და დასძინა, რომ ამავეს ვერ იტყოდა საფრანგეთის მხარეს არსებული სასაზღვრო ქალაქის მერზე.

ფრანგულმა მხარემ კი აღნიშნა, რომ “სასაზღვრო ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება”.

ადგილობრივი უწყებები გეგმავენ დაუკავშირდნენ ფერმერს და სთხოვონ, ქვა პირვანდელ ადგილას დააბრუნონ. იმ შემთხვევაში  კი, თუ ეს არ მოხდება, საქმეში ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთვება.

ქალაქის მერის თქმით, თუ ფერმერი კეთილ ნებას გამოიჩენს, მას სამართლებრივი პრობლემები არ შეექმნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი