ახალი ამბები

გიორგი შერმადინი რუსეთში ერთდღიანი დაყოვნების შემდეგ შეუშვეს – ფედერაცია

4 მაისი, 2021 •
გიორგი შერმადინი რუსეთში ერთდღიანი დაყოვნების შემდეგ შეუშვეს – ფედერაცია

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებით, გიორგი შერმადინი რუსეთში ერთდღიანი დაყოვნების შემდეგ შეუშვეს. კალათბურთელს, რომელიც სიმაღლეში 2.17 მეტრია, ღამის გათევა აეროპორტის მომცრო დივანზე მოუწია.

ფედერაციის განცხადებით, კალათბურთელი ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტიდან, სადაც წუხანდელი ღამე გაატარა, თავისი გუნდის სასტუმროში დღეს, დაახლოებით 19:00 საათისთვის გადავიდა.

გიორგი შერმადინის გუნდი რუსეთის ქალაქში ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის სათამაშოდ ჩავიდა, თუმცა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებით, “ტენერიფეს” ქართველი ცენტრი რუსეთის ვიზის არქონის გამო საზღვარზე არ შეუშვეს.

“შერმადინმა ღამე აეროპორტში გაატარა და ელოდებოდა სავიზო პრობლემის მოგვარებას, რომელიც დაგვიანებით, თუმცა მაინც მოგვარდა. შერმადინს აქვს ესპანეთის რეზიდენტის მოწმობა, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანაში დაუბრკოლებლად მოგზაურობს, თუმცა რუსეთში ამ საბუთმა არ გაჭრა და მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ვიზა მოსთხოვეს.

შერმადინის პრობლემის შესახებ საკალათბურთო საზოგადოებამ მას შემდეგ შეიტყო, რაც გიორგის ბრაზილიელმა თანაგუნდელმა, მარსელინიო უერტასმა ინსტაგრამზე დადო ფოტო სკამის გამოსახულებით და მინაწერით – ამ სკამზე, აეროპორტში გაათენა ღამე ჩვენი გუნდის საუკეთესო კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა. უერტასმა ქართველი ცენტრი გაამხნევა და იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია მალე მოგვარდება” ,- აცხადებენ კალათბურთის ფედერაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი