ახალი ამბები

ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, ჟურნალისტებზე თავდასხმები დროულად გამოიძიონ

4 მაისი, 2021 • 763
ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, ჟურნალისტებზე თავდასხმები დროულად გამოიძიონ

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს დავითგარეჯაში “მთავარი არხის” ჟურნალისტებსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ეს არ არის კრიტიკული მედიასაშულებების წრმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის პირველი შემთხვევა:

“ჟურნალისტების მიმართ ბოლო პერიოდში გახშირებული ფიზიკური ანგარიშსწორების, მუქარის და დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების თაობაზე სახალხო დამცველის შეფასებები 2020 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშშიც არის ასახული.

სახალხო დამცველის აპარატი გმობს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას და ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით” ,- ამბობს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმები.

ამასთან, დაუსჯელობის გარემოს შექმნისა და წახალისების თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველი მოუწოდებს უწყებას, გამოკვეთონ და დააყენონ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჟურნალისტთა და ტელეკომპანიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ინციდენტებთან დაკავშირებით:

“გარდა ამისა, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას და თანამდებობის პირს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნა” , – აცხადებს სახალხო დამცველი.

დღეს, 4 მაისს, დავითგარეჯაში გადაღებაზე მყოფ ივერი მელაშვილს და “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ტელეკომპანიის განცხადებით, ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მთავარი არხის ჟურნალისტის, ნინუცა კეკელიას თქმით, თავს სასულიერო პირები დაესხნენ.

შსს-მ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ძალადობას გულისხმობს. უწყებაში მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი