საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს საქართველოში, ვიდრე ალექსეი ნავალნის რუსეთის ფედერაციაში.
3 მაისს გერმანულ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუს მიმდინარეობისას ჟურნალისტმა სააკაშვილს ჰკითხა, ელის თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლება ისევე მოექცევა, როგორც რუსეთის ხელისუფლება მოექცა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რაზეც მან უპასუხა:
„დიახ. თუმცა ვფიქრობ, რუსეთისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი საკმარისად მობილიზებულია. მე უბრალოდ გიჟური მხარდაჭერა მაქვს [სტილი დაცულია]. ნავალნის ნამდვილად გმირად მივიჩნევ, მაგრამ მას რუსეთში ჯერ ასეთი მხარდაჭერა არ აქვს, რიგი მიზეზების გამო“.
საააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ფიქრობს, ნავალნის ასეთი მხარდაჭერა „დროთა განმავლობაში ექნება, თუ გადარჩება“, და დასძინა:
„ნავალნისგან ძალიან უსიამოვნო რაღაცებიც მახსოვს, თუმცა, საერთო ჯამში, ის არის სიმბოლო გმირობისა, წინააღმდეგობისა, ასეთი ადამიანები მსოფლიოში ცოტანი არიან და მათ მხარი უნდა დავუჭიროთ“.