ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტს აჯამებს და ამბობს, რომ რეგიონში რუსეთის გავლენა იზრდება და ამიტომ სამხრეთ კავკასიაში მეტი ევროპაა საჭირო.
“სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს სხვადასხვა პრობლემები აქვთ, ერთი მსგავსი ფენომენით. სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის გავლენა იზრდება. სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შესაძლო აგრესიისგან დასაცავად რუსი სამხედროები არიან. ისე, რომ გაუგებარია, არსებობს თუ არა [აზერბაიჯანისგან საფრთხე], მაგრამ რუსეთს “კეთილი ნებით” ქვეყანაში დამატებითი ძალები შეჰყავს. ეს საშინელებაა და გასული საუკუნის 40-იან წლებს მაგონებს ლიეტუვაში. 44-დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანმა საკუთარ ტერიტორიაზე რუსი “მშვიდობისმყოფელები” მიიღო. დატოვებენ თუ არა ისინი ხუთ წელიწადში ტერიტორიას, ვერავინ იტყვის. მათ ხელშია ყველა ბერკეტი, რომ თავად შექმნან პრობლემა და გადაჭრან მანამ, სანამ მოესურვებათ. დასავლეთის ყურადღება საკმარისი არაა, რუსეთის გავლენა კი იზრდება”, — წერს ლანდსბერგისი.
მისი თქმით, თუ ევროპა სამხრეთ კავკასიას არ დაუბრუნდება, შესაძლოა მალე დასაბრუნებელი ადგილიც აღარ იყოს.
“საქართველოს გამოწვევები ჩვენთვის უფრო ნაცნობია. 2008 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი სამხედრო ძალას აძლიერებს, სულ უფრო მეტი ჯარისკაცი შემოჰყავს და ახალ ბაზებს აშენებს. მთელ რეგიონს თუ დავაკვირდებით, რუსეთი ყველგან “კალინინგრადს” ქმნის, ძლიერ გასამხედროებულ ტერიტორიებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ტერიტორიებს სამხედრო ინტერვენციით ან თუნდაც მუდმივი პოლიტიკური გამოწვევებით.
სამივე ქვეყანის ექსპერტები თანხმდებიან, რომ აშშ-ის უკან დახევა, ევროკავშირის სიფრთხილე და რუსეთის მზარდი სამხედრო ძალა რეგიონში რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეს ქმნის.
ამიტომ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში მეტი ევროპაა საჭირო. ჰუმანიტარული დახმარება, რეფორმებისთვის ხელის შეწყობა, არჩევნების მონიტორინგი, მედიაცია – როგორც ეს საქართველოში მოხდა. ევროპა რბილი ძალაა და სწორედ ეს სჭირდება სამხრეთ კავკასიას. ამერიკამ განაცხადა, რომ ის დაბრუნდა. ევროპა უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც 10 წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობა დაიწყო. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით დასაბრუნებელ გზას, შეიძლება მალე დასაბრუნებელი ადგილიც აღარ იყოს”, — წერს ლანდსბერგისი.
ამასთან, ლიეტუვის საგარეო მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს, რეგიონში დაბრუნდეს, თუ ამის საჭიროება იქნება.