თბილისის მერიის ცნობით, 30 აპრილის ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, დიდ დიღომში 7 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. უწყების განცხადებით, მათ განახლებას საბურთალოს რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს.
მერიის ინფორმაციით, წვიმის შედეგად საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის კერძო დასახლებების ქუჩები, ასევე, რამდენიმე კერძო სახლი და მირიან მეფის ქუჩა დაიტბორა.
“სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, საბურთალოს რაიონის გამგეობამ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერად დაიწყეს. დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წუხელვე ამოიტუმბა წყალი. ამჟამად „თბილსერვის ჯგუფის“ ბრიგადები დატბორილ ქუჩებს წმენდენ”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო უწყებაში 100-მდე შეტყობინება შევიდა. უწყების ცნობით, უმეტესობა საცხოვრებელი სახლების სარდაფების, ეზოებისა და ქუჩების დატბროვას უკავშირდება. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.