საქართველოს პარლამენტის დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ზარქუა ოპოზიციას აკრიტიკებს გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომის გამოტოვების გამო.
ირაკლი ზარქუას თქმით, გუშინ, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მოსმენისას, გამომდინარე იქიდან, რომ პარალმეტნში შესული ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომას არ ესწრებოდნენ, უმრავლესობას მოუწია, მინისტრისთვის ოპონირება გაეწია. დეპუტატმა ოპოზიციას ასევე შეახსენა, რომ უმრავლესობამ მათ გარეშე დაამტკიცა ქვეყნის ბიუჯეტი:
“გავოცდი, ანას მივმართავ “ლელოდან”, ისეთი გონორით და შემართებით შემოვიდა, შთაბეჭდილება დამრჩა, იმ 6 თვის განამვლობაში, რაც ქუჩა-ქუჩა იარეს, ტყუილად დრო დაკარგეს, ახლა ცდილობს ამით ვითომ გამოიძვრინონ თავი. ბოლოს მაინც პარლამენტში შემოვიდნენ და აქ დაგვიჯდნენ. ცდილობენ განცდა შექმნან, თითქოს ხალხზე ზრუნავენ.
სინამდვილეში, გუშინ, როცა მოვიდა მინისტრი, სადაც ვამბობთ, რომ ამ პანდემიამ ისედაც დაგვიძაბა სიტუაცია ქვეყანაში, გამოწვევებია, სოციალური მიმართულება, ვაქცინაცია… მინისტრს წინასწარ ვუთხარი, გაძლება მოგცეთ ღმერთმა, ახლა ოპოზიცია და ისეთი ამბავია… საერთოდ არ მოვიდა ეს ხალხი. საერთოდ არ გამოჩნდნენ.
ნუთუ არ აინტერესებდათ, მათ შორის, კომენდანტის საათი გადაიწევს თუ არა, ვაქცინაცია როგორ მიდის, მათ შორის ის ყბადაღბული მილიონი დოზა შემოვა თუ არა. გუშინ უმრავლესობა ვიყავით ოპოზიცია, ფაქტობრივად, და ამის შემდეგ გამოხვალ და აქ ნიშნის მოგებით დაგველაპარაკები – არ მიგიღებთ.
თქვენს შემოსვლამდე ამ პარლამენტმა მიიღო ბიუჯეტი, რომლითაც ხელფასს იღებთ თქვენ და თქვენი პარტია, რომელსაც გადაერიცხა თანხები და არამხოლოდ თქვენ. აქ არის პასუხისმგებლობის განაწილება და არა ის, რომ დერეფნებში კომენტარები გააკეთოთ. გინდათ მუშაობა? მობრძანდით და დაესწარით და არ იქნება სიურპრიზი”, – აცხადებს ზარქუა.