ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ საქართველოში პარტიებს შორის ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმება ყოველგვარი გადახვევის გარეშე უნდა შესრულდეს. ამის შესახებ მან დღეს, 29 აპრილს, საქართველოში ვიზიტის დასასრულს, მედიას განუცხადა.
მისი თქმით, შეთანხმებაზე ხელმოწერით საქართველოს შიდაპოლიტიკური პრობლემების გადაჭრა არ დასრულებულა და ეს მხოლოდ დასაწყისია.
“როგორც საქართველოს ჭეშმარიტმა მეგობარმა, მინდა ღიად განვაცხადო, რომ საციცოხლოდ მნიშვნელოვანია, სრულად მოგვარდეს და გადაიჭრას არსებული შიდაპოლიტიკური სიტუაცია და ქვეყანას გააჩნდეს მოქმედი და ფუნქციონირებადი პარლამენტი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს მოქალაქეების სრული მანდატი. ევროკავშირმა საქართველოს უპრეცედენტო დახმარების ხელი გამოუწოდა როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური კუთხით და მხარი დაუჭირა საქართველოს. პოლიტიკური შეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამდგომლობით შედგა და ჩვენ ვაქებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას. ეს ცხადყოფს, რომ ქვეყანაში მართლაც აღებულია ის სრული პასუხისმგებლობა, რომელიც საერთო კურსისკენ სვლას უზრუნველყოფს.
მაგრამ შეთანხმება არ გახლავთ დასასრული. შეთანხმების ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სხვა ნაბიჯები, რომელიც უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პოლიტიკური მართლმსაჯულების მოგვარება, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, აგრეთვე, ძალთა გადანაწილება პარლამენტში, ეს ის საკითხებია, რომლებიც უნდა მოგვარდეს. ნება მომეცით, ძალიან ნათლად გავუსვა ხაზი იმას, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა იყოს განხორციელებული ყოველგვარი გადახვევის გარეშე, მთელი სისრულით.
მოვუწოდებ ბატონ მელიას, რომ გაითვალისწინოს ის გარანტიები, რომელიც არის შეთავაზებული ევროპის პოლიტიკური კოლეგებისგან და პარტნიორებისგან. აგრეთვე მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და არჩეულმა პარლამენტის წევრებმა გამოხატონ სურვილი, შეუერთდნენ იმ ძალისხმევას, რომელიც უკავშირდება შეთანხმების დაუყოვნებლივ განხორციელებას”, – განაცხადა ლანდსბერგისმა.
მისივე თქმით, შეთანხმებაზე ყველა პარტიის ხელმოწერა საშუალებას იძლევა, რომ შეთანხმების განხორციელებას საუკეთესოდ გაეწიოს მონიტორინგი და აღნიშნავს, რომ ლიეტუვა მზადაა მონიტორინგისთვის.
“ლიეტუვა მხარს დაუჭერს ევროკავშირისა და საერთაშორისო ძალისხმევას, რომ აქტიური მონიტორინგი განახორციელონ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში. ლიეტუვას სჯერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის და მზად არის დაეხმარის საქართველოს მიზნის მიღწევაში. რაც შეეხება მონიტორინგის მექანიზმებს, მთელი რიგი მონიტორინგის მექანიზმების გამოყენება შეიძლება. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური საელჩო საქართველოში, მაგრამ მე ასევე ვარ ხელმისაწვდომი და მზად ვარ დავბრუნდე საქართველოში, თუ ამის საჭიროებას ვინმე დაინახავს”, — განაცხადა ლანდსბერგისმა.
ლანდსბერგისმა ხაზი გაუსვა იმას, რომ შეთანხმება ევროკავშირის მიერ იყო შეთავაზებული, მაგრამ მას ხელი ქართულმა მხარემ მოეწერა და იმპლემენტაციაც მან უნდა განახორციელოს.
“ეს მხოლოდ ქართველებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული, როგორ სურთ გზის გაგრძელება. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ის, რომ ჩამოვსულიყავი, მომესმინა ყველა მხარისთვის და შევეცადე გამეგო თუ რას ფიქრობენ ისინი და რა არის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის პოზიცია. ჩვენი გამოცდილებიდან ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ კარი, გავხსნათ კარი, გავუძღვეთ კარისკენ, მაგრამ საქართველოა ის მხარე, რომელმაც უნდა გაიაროს ეს კარი. ასე რომ, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებისას ჩვენ განვიხელეთ ნდობის აღდგენის სხვადასხვა შესაძლებლობა და იმ ჭრილობების მოშუშების შესაძლებლობა, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა მიყენებული, მაგრამ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ან არ იქნება მიღებული ეს მთლიანად ქართულ მხარეზეა დამოკიდებული”, — განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.