საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.
პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრაზე ითქვა, რომ დასავლეთი დააკვირდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული შეთანხმების შესრულებას.
“ისინი მიესალმებიან პარტიებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას იმიტომ, რომ ეს იყო საუკეთესო შესაძლებლობა, საუკეთესო ვარიანტი ევროკავშირის თვალსაზრისით.
მათი მხრიდან იქნება პროცესის სრული მონიტორინგი, რომ მხარეების მიერ ყველა ვალდებულება შესრულდეს. რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ სხვა პარტიები, რომლებიც შესაძლოა გახდნენ ამ შეთანხმების ნაწილი, შეთანხმებას შეუერთდნენ, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ შეთანხმება შედგა.
ჩვენ, პარტიებმა, რომლებმაც დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, მათ აღვუთქვით, რომ ყველა ძალ-ღონეს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სრულად განხორციელდეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რასაც ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი შემდგომი დახმარება მოჰყვება. რაც მთავარია, შეთანხმების ხელმოწერის ყველა ეტაპზე და შემდგომ მის იმპლემენტაციაში, ყველა ეტაპზე იქნება ჩვენი მეგობრების მძაფრი ყურადღება, რომ რაიმე პუნქტი არ დარჩეს შეუსრულებელი”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
საქართველოდან ლანდსბერგისი აზერბაიჯანში გაემართება, სადაც თავის კავკასიურ ტურნეს დაასრულებს. იგი თბილისში ჩამოსვლამდე ერევანს სტუმრობდა.