“ვატიკანი იქნებოდა იდეალური ადგილი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად”, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ იტალიურ გაზეთთან, “La Repubblica-სთან” საუბრისას.
ზელენსკის მიხედვით, “წმინდა საყდარი [ვატიკანის ოფიციალური სახელმწოდება] იქნებოდა იდეალური ადგილი, რათა ემასპინძლა დონბასის შესახებ დიალოგისთვის”.
“ეს [შეხვედრა პუტინთან] არის აუცილებელი, რათა დასრულდეს ომი დონბასში და შესრულდეს სამშვიდობო პროცესი”, — განუცხადა ზელენსკიმ იტალიურ გამოცემას.
უკრაინის ლიდერის განცხადებით, ვატიკანს შეუძლია ითამაშოს მედიატორის როლი რუსეთსა და უკრაინას შორის გამართულ მოლაპარაკებებში. მისი თქმით, ვატიკანი განსხვავდება სხვა გლობალური მოთამაშეებისგან და აქვს მორალური ავტორიტეტი, ყოველთვის იქცევა მიუკერძოებლად, რადგან მას არ აქვს სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები.
რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ დრომდე არც ოფიციალურ მოსკოვსა და არც ვატიკანს არ მიუღია ოფიციალური შეთავაზება ზელენსკის მიერ ხსენებულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
“პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვატიკანი იქნებოდა იდეალური ადგილი ამგვარი შეხვედრისთვის, თუმცა, ამ დრომდე არც ვატიკანსა და არც მოსკოვს არ მიუღია კონკრეტული ინფორმაცია ამ მიმართულებით”, — განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, მისთვის უცნობია, შეხვდება თუ არა ვლადიმერ პუტინი ზელენსკის სხვაგან, გარდა მოსკოვისა.
ცოტა ხნით ადრე ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუს კოლეგას დონბასის ნებისმიერ წერტილში შეხვდებოდა. მოგვიანებით ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იგი მზად იყო, ნებისმიერ დროს შეხვედროდა ზელენსკის მოსკოვში.
უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობები აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დაძაბვის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა. უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთის სამხედრო მობილიზაცია და წვრთნები საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას.