თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის კონცეფციის შესამუშავებლად მუშაობა დაიწყება. როგორც დღეს, 28 აპრილს, გამართულ მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, ტბის მიმდებარე ტერიტორიის მესაკუთრესთან მოლაპარაკება უკვე ჰქონდათ.
„იცით, რომ ტერიტორიას ჰყავს კერძო მფლობელი. გვქონდა კომუნიკაცია, რომ ამ ტერიტორიის განახლება და მოწესრიგება მოხდეს, რათა უფრო მიმზიდველი იყოს და სასიამოვნო გარემო შევქმნათ. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ტერიტორია ამ კომპანიაზე საკუთრების უფლებით გადაცემულია ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც ზოგადად, ქვეყანაში პრივატიზაციის პროცესი დაიწყო. მიგვაჩნია, რომ კუს ტბის განვითარების ახალი კონცეფცია დაფუძნებული უნდა იყოს საარქივო მასალებზე და გასული საუკუნის ბოლოს შემუშავებულ, ვაკის პარკისა და კუს ტბის კომპლექსური განვითარების პროექტზე.
მიმაჩნია, რომ პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე ურბანული პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მხარე – ხელმისაწვდომობა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნა, ასევე ესთეტიკური კრიტერიუმები და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტები”,-განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის პროექტი ისტორიულ და კულტურულ საბჭოზე განიხილება.