ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, გასულ წელს შექმნილმა სამედიცინო ჰოლდინგმა მოკლე პერიოდში დაამტკიცა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო სახელმწიფო კლინიკების გაძლიერება და ერთიანი მართვის ქვეშ გაერთიანება.
ტიკარაძის აზრით, სამედიცინო ჰოლდინგისთვის უმთავრესი პრიორიტეტია სამედიცინო პერსონალისთვის შექმნას ჯანსაღი შრომითი გარემო და ღირსეული ანაზღაურების სისტემა.
“დღეს რიგით ექიმებს მწირი ანაზღაურების გამო უწევთ რამდენიმე ადგილას მუშაობა, რაც სამწუხარო რეალობაა, რადგან ექიმს გარკვეულწილად უწევს, გვერდზე გადადოს პროფესიული ღირებულებები და უფრო მეტად ორიენტირებული იყოს პაციენტების რაოდენობაზე. გადაღლილი ექიმი ვერ გასწევს სათანადო ხარისხის საქმიანობას, ამიტომ სახელმწიფო მათ აუცილებლად შეუქმნის ისეთ პირობებს, რომ მათი ერთადერთი საზრუნავი იყოს პაციენტის ჯანმრთელობა”, — განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, შრომითი გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად, სამედიცინო ჰოლდინგი მასთან დაქვემდებარებული სამედიცინო პერსონალისთვის ნერგავს უწყვეტი პროფესიული განათლების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის პლატფორმას.
ტიკარაძის თქმით, სახელმწიფო საკუთარ კლინიკურ ბაზას გამოიყენებს იმ მომსახურებების განვითარებისთვის, რომლის მისაღებად დღეს საქართველოს ათასობით მოქალაქეს უწევს საზღვარგარეთ გამგზავრება. მინისტრის შეფასებით, სამედიცინო საჭიროებებისთვის აქტიური მიგრაცია დიდი გამოწვევაა. ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, 2018 წლიდან დღემდე რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში 1 200-მდე პაციენტის საზღვარგარეთ მკურნალობა დაფინანსდა, რაზეც 18 მილიონ ლარზე მეტი გაიცა.
“რეფერალის ფარგლებში გაცემული თანხების შესწავლის მიზნით, ჩვენ ჩავატარეთ შიდა აუდიტი, რომელმაც გამოავლინა, რომ გაცემული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი აუთვისებელი რჩება პაციენტების მიერ. მაგალითად, 2017-2021 წლებში პაციენტების მიერ გამოუყენებელი დარჩა 600 000 ლარი. სამინისტრომ მოიძია აღნიშნული თანხები და მოახდინა მისი ბიუჯეტში დაბრუნება”, – განაცხადა ტიკარაძემ და დასძინა, რომ მსგავსი აუდიტი გაგრძელდება 2017 წლამდე პერიოდში გაცემული თანხების ნაწილშიც.
ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, სახელმწიფო კლინიკებთან დაკავშირებით არაერთელ გახმიანდა ე.წ. ექსპერტების პოპულისტური განცხადებები, რომელთა ერთადერთი მიზანია ბიზნესინტერესების ლობირება და არა — ხალხის საჭიროებაზე ორიენტირება. ტიკარაძის თქმით, განვითარებული ქვეყნებში არც კონკურენციის და არც რეგულაციების მიმართ კერძო სექტორს მტრული დამოკიდებულებულება არ გააჩნია.
“მათ გააზრებული აქვთ, რომ თანამედროვე სამყაროში რეგულირება ემსახურება სტაბილური და მდგრადი ბიზნესის გარემოს ფორმირებას. ამიტომ ჩვენს ქვეყანაში ლიბერალობას ამოფარებული ლობირება უნდა დასრულდეს და სახელმწიფო კლინიკების მიმართ გაჩენილი სტიგმა უნდა დაინგრეს”, — დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.
სახელმწიფომ ახალი ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი [ონკოლოგიური] და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო გაერთიანდნენ, 2020 წლის დასაწყისში დააფუძნა. ჰოლდინგს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და აეროპორტების გაერთიანების ყოფილი უფროსი გიორგი ჩოგოვაძე ხელმძღვანელობს.