ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი თბილისს ისევ ულტიმატუმს უყენებს

28 აპრილი, 2021 • 1071
ცხინვალი თბილისს ისევ ულტიმატუმს უყენებს

გადაადგილების გამარტივება და სხვა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრა ქართული პოლიციის საგუშაგოს აღების შემდეგ – ცხინვალი თბილისს ისევ ულტიმატუმს უყენებს.

სოფელ ერგნეთში საერთაშორისო აქტორების ჩართულობით ქართული და ოსური მხარეების მორიგი, 99-ე შეხვედრის შემდეგ, ცხინვალის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა ადგილობრივ მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც შეხვედრის დროს განიხილეს.

მათ შორის იყო თბილისისა და ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გადაადგილება არსებული გამშვები პუნქტებით, რომელიც 2019 წელს, სოფელ ჩორჩანის მიდამოებში ქართული პოლიციის პუნქტის გახსნის შემდეგ ოსურმა მხარემ შეზღუდა.

“ქართული მხარე, მათ შორის საერთაშორისო წარმომადგენლები, გადაადგილების გამარტივებაზე საუბრობენ. როგორც ცნობილია, გამშვები პუნქტები დაიკეტა ქართული პოლიციის უკანონო შენობის გამოდგმის შემდეგ. პირველი ნაბიჯი ამ სიტუაციის გადასაჭრელად იქნება აღნიშნული უკანონო პუნქტის აღება. ვფიქრობ, ამ ნაბიჯის შემდეგ საზღვრის გადაკვეთისა და სხვა აქტუალური ჰუმანიტარული საკითხები გადაიჭრება”, – აცხადებს კოჩიევი.

მსგავს ულტიმატუმს ოსური მხარე თბილისს პერიოდულად უყენებს.

2019 წლის სექტემბრიდან გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ, განსაკუთრებულ ჰუმანიტარულ კრიზისში აღმოჩნდა ახალგორის მოსახლეობა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი