ახალი ამბები

იოსელიანი: მინდა მამუკა ხაზარაძეს გავუწოდო თანამშრომლობის ხელი

27 აპრილი, 2021 •
იოსელიანი: მინდა მამუკა ხაზარაძეს გავუწოდო თანამშრომლობის ხელი

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი პარლამენტში შესულ ოპოზიციას მიმართავს და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას მიესალმება, რადგანაც მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება იყო:

“მივესალმები ჩემს კოლეგებს, რომლებიც დღეს შემოვიდნენ პარლამენტში და ვულოცავ მათ ამ გადაწყვეიტლებას. მიმაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად სწორი და ამ ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება, საითკენაც მივდიოდით ჯერ ერთად, მერე ცალ-ცალკე, მაგრამ მივედით იმ შედეგამდე, რომ დღეს პარლამენტი, ასე თუ ისე, შედგა და ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არის წარმოდგენილი”, – ამბობს იოსელიანი.

იოსელიანმა ასევე მიმართა “ლელოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც რამდენიმე თვის წინ მისი თანაგუნდელი ალეკო ელისაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში დაუპირისპირდა. იოსელიანმა ხაზარაძეს ხელი ჩამოართვა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციაში მათი თანამშრომლობა გაგრძელდება:

“ძალიან რთული დრო გამოვიარეთ ყველა ჩვენგანმა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით ჯერ ჩვენ, მერე ისინი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, აქ ყოფნა და აქ მუშაობა არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, ჩემი თხოვნაც, აზრიც არის, რომ დავასრულოთ ის პერიპეტიები, რაც განსაკუთრებით ჩვენ ოპოზიციის შიგნით გვქონდა ერთმანეთის მიმართ.

დავასრულოთ ზიზღზე აგებული რიტორიკა. ბოლოს როდესაც ჩვენ “ლელოს” ოფისში ვიყავით და გაიყარა ჩვენი გზები და მოხდა ჩვენი “გარიცხვა” ოპოზიციიდან, დარწმუნებული ვიყავი, ამ დარბაზში ისევ შევხვდებოით ერთამენთს და მარცხენა ფლიგელზე მოგვიწევდა ერთად ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ, მინდა მამუკა აზარაძეს მივმართო და გავუწოდო თანამშრომლობის ხელი და გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენი თანამშრომლობა ოპოზიციაში გაგრძელდება ბევრად უფრო წარმატებულად და იქნება ამ ქვეყნისთვის სასიკეთო” ,- ამბობს იოსელიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი