ახალი ამბები

მომდევნო კვირიდან ვაქცინაციის ქსელს 78 ცენტრი ემატება – ტიკარაძე

27 აპრილი, 2021 •
მომდევნო კვირიდან ვაქცინაციის ქსელს 78 ცენტრი ემატება – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომდევნო კვირიდან საქართველოში ვაქცინაციის ქსელი „მნიშვნელოვნად გაფართოვდება“.

27 აპრილს, იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ, მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მომდევნო კვირიდან ქვეყანას დაემატება 78 ცენტრი, სადაც მოქალაქეებს აცრიან კოვიდ-19-ზე.

„გადამზადებული არის ჯგუფები, რომელიც მოახდენს მოქალაქეებების ვაქცინაციას და ამ ეტაპისთვის იქნება, ჯამში, 138 ცენტრი, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება“, – განაცხადა მან.

„სინოფარმი“

ამასთან, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩინეთში წარმოებული „სინოფარმის“ ვაქცინით ასაცრელად რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის.

„ამის საფუძველი გახლავთ ის, რომ არსებობს არაერთი კვლევა, რომ 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის სინოფარმი არის უსაფრთხო ვაქცინა და საბჭო დაეყრდნო საერთაშორისო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომ ჯანმოს ავტორიზაცია „სინოფარმს“ ჯერ ისევ არ აქვს მიღებული — და თუ ვერ მიიღო ამ ვაქცინამ ჯანმოს ავტორიზაცია, როგორ მოიქცევა საქართველოს მთავრობა, ტიკარაძემ უპასუხა:

„29 აპრილს გაიმართება დამატებითი სხდომა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც მიიღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებას „სინოფარმთან“ მიმართებაში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს არაერთ მტკიცებულებაზე დაყრდნობილი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „სინოფარმი“ არის უსაფრთხო და მილიონობით მოქალაქეს აქვს ის გამოყენებული“.

მინისტრის თქმითვე, საყოველთაო ვაქცინაცია ჯერჯერობით არ იწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი