ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რას განიხილავენ ქართულ-ოსურ მორიგ შეხვედრაზე

27 აპრილი, 2021 • 915
რას განიხილავენ ქართულ-ოსურ მორიგ შეხვედრაზე

დღეს, 27 აპრილს, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  [IPRM] ფარგლებში რიგით 99-ე ქართულ-ოსური მხარეების შეხვედრა მიმდინარეობს ევროკავშირის, ეუთოს და რუსული მხარის ჩართულობით.

როგორც შეხვედრამდე ქართული მხარის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ანთიძემ მედიას განუცხადა, თბილისი დააყენებს უკანონო პატრიმრების [მათ შორის ზაზა გახელაძის] დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და უკანასკნელ დღეებში ქარელის რაიონში გააქტიურებულ ბორდერიზაციის საკითხებს.

რაც შეეხება ცხინვალს, ოსური მედიის ცნობით, ისინი შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის”, ასევე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განხილვას გეგმავენ.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა. ზაზა გახელაძის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო დარღვევისა და სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით. ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით პატიმრობას მოითხოვდა. გახელაძე ცხინვალში გაასამართლეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით [317 და 322]  [საზღვრის უკანონო დარღვევა და პოლიციელზე თავდასხმა მისი სიცოცხლის ხელყოფის მიზნით].

მასალების გადაბეჭდვის წესი