ახალი ამბები

ლიეტუვას საგარეო მინისტრი თბილისში ოპოზიციასაც შეხვდება

27 აპრილი, 2021 •
ლიეტუვას საგარეო მინისტრი თბილისში ოპოზიციასაც შეხვდება

ლიეტუვას საგარეო საქმეთა უწყების ცნობით, მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს დღეს, 27 აპრილს ეწვევა.

ლანდსბერგისი საქართველოს ეწვევა კავკასიური ტურნეს ფარგლებში. მანამდე იგი სომხეთში იმყოფებოდა, 29 აპრილს კი აზერბაიჯანში გაემგზავრება.

“ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან”, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საქართველოში გამართული შეხვედრების დროს საუბარი ძირითადად შეეხება ლიეტუვა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს, ვილნიუსის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანმხების აღსრულებას. “რეგიონალური უსაფრთხოების საკითხი, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისთვის მზადება და საერთაშორისო პოლიტიკის სხვა საკითხებიც ასევე იქნება განხილული შეხვედრებისას”, – ნათქვამია საგარეოს განცხადებაში.

ლანდსბერგისი ვიზიტის დროს ასევე ეწვევა გამყოფ ხაზს და შეხვდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს საქართველოში. საგარეოს ცნობით, მინისტრი მედიასთანაც გამართავს პრეს-კონფერენციას და უპასუხებს დასმულ შეკითხვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი