ახალი ამბები

“ვერც დაგიდასტურებთ და ვერც გამოვრიცხავ” – სერგეენკო თალაკვაძის მერობაზე

26 აპრილი, 2021 •
“ვერც დაგიდასტურებთ და ვერც გამოვრიცხავ” – სერგეენკო თალაკვაძის მერობაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო არ გამორიცხავს, რომ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” არჩილ თალაკვაძე დაასახელოს.

როგორც სერგეენკომ “ტვ პირველს” უთხრა, მოვლენებს ვერ დაასწრებს.

“ვერც დაგიდასტურებთ და ვერც გამოვრიცხავ, როგორც ასეთი ,ფორმულირება არის. იმიტომ, რომ თავის პროტოკოლი აქვს კანდიდატის გაცხადებას და არ მინდა, რომ მოვლენებს დავასწრო”, — განაცხადა სერგეენკომ.

კითხვაზე, არის თუ არა გუნდში საუბარი დაწყებული თბილისის მერობის კანდიდატად თალაკვაძის დასახელებაზე , სერგეენკო პასოხობს:

“არის რაღაც კონსულტაციები, რომელზეც ყველანი ვალდებულები ვართ, რომ საზოგადოებას ვამცნოთ, არის კონსულტაციები, რომელიც დამუშავების ფაზაშია და წინასწარ ამის გასაჯაროება არ იქნება სწორი”, — განაცხადა სერგეენკომ.

ბოლო თვეებია, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის მერი კახა კალაძე 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე კენჭს აღარ იყრის. თუმცა აღნიშნულ თემაზე თავად კალაძე ცალსახად არ პასუხობს.

რაც შეეხება თალაკვაძეს, მან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 აპრილს დატოვა. გადადგომის მიზეზად ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მოლაპარაკებებში ჩართულობა დაასახელა და თქვა, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება მის თანამდებობაზე ისეთი ადამიანის ყოფნა, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი