ახალი ამბები

რუსეთში კრიტიკული მედია „მედუზა“ „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს

23 აპრილი, 2021 • 914
რუსეთში კრიტიკული მედია „მედუზა“ „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კრიტიკული ინტერნეტ-გამოცემა „მედუზა“ (Медуза) „უცხოეთის აგენტების“ სიაში დაამატა. გადაწყვეტილება სამინისტრომ 23 აპრილს მიიღო. ინფორმაციას თავად გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს.

„მედუზას“, 2014 წელს დაარსებული მედიასაშუალების, სათავო ოფისი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მდებარეობს. 2015 წლიდან გამოცემის საიტი ინგლისურ ენაზეც ავრცელებს მასალებს.

მედიის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) თანახმად, პრესის თავისუფლების კუთხით რუსეთი 180 ქვეყნიდან 150-ე ადგილზეა.

2019 წელს მოსკოვში დააკავეს „მედუზას“ საგამოძიებო ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი და ბრალი წარუდგინეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის.

იგი ბრალდებას უარყოფდა და სხვა ჟურნალისტებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად დაკავებას ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებდა. მასშტაბური პროტესტის შემდეგ, 2019 წლის ივნისში, გოლუნოვის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი