ახალი ამბები

საქართველოში ერდოღანი ჩამოვა, თუმცა თარიღი უცნობია – ელჩი

23 აპრილი, 2021 • 1882
საქართველოში ერდოღანი ჩამოვა, თუმცა თარიღი უცნობია – ელჩი

თბილისს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში თურქეთის ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ელჩის თქმით, კონკრეტული თარიღი, თუ როდის ჩამოვა თურქეთის პირველი პირი ქვეყანაში, ჯერ უცნობია და ეს საქართველოს მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს.

ელჩის განცხადებითვე, ერდოღანი ქვეყანაში გაზაფხულზე უნდა ჩამოსულიყო, თუმცა პანდემიის გამო დროებით გადაიდო.

“პრეზიდენტი ერდოღანი უნდა ჩამოსულიყო ვიზიტით საქართველოში გაზაფხულზე, მაგრამ დაიწყო პანდემია და ყველაფერი დაიხურა. ახლა ვცდილობთ თარიღის შეთანხმებას და ველოდებით საქართველის მთავრობას და მათ განრიგს. ჯერ არ ვიცი, როდის შედგება ეს შეხვედრა, თუმცა ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვა საქართველოში, რაც შეიძლება მალე, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება. ერდოღანი ეწვევა საქართველოს, მან ეს თქვა მედიასთან შეხვედრაზე, მაგრამ თარიღი ჯერ უნდა შეთანხმდეს. იმედი მაქვს, რომ ეს მალე იქნება შესაძლებელი”, – ამბობს ელჩი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “მაღალი დონის ვიზიტები მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, თუმცა თარიღი, თუ როდის განხორციელდება ეს ვიზიტი, უცნობია”

“ზოგადად საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით ყოველთვის პრიორიტეტულია მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება და ამაზე მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა, ეს ეხება როგორც პრეზიდენტების, ასევე მთავრობის მეთაურების და მინისტრების ვიზიტებს, ასევე საქართველო-თურქეთის სტრატეგიული საბჭოს სხდომის გამართვას.

რაც შეეხება კონკრეტულად პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტს, როგორც უკვე აღვნიშნეთ მაღალი დონის ვიზიტები ყოველთვის პრიორიტეტულია, თუმცა კონკრეტული დროის პერიოდი ან თარიღი თუ როდის განხორციელდება უცნობია”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ნეტგაზეთისვის გამოგზავნილ წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი