ახალი ამბებისამართალი

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმე: პოლიციელი მძღოლი უდანაშაულოდ ცნეს

23 აპრილი, 2021 •
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმე: პოლიციელი მძღოლი უდანაშაულოდ ცნეს

გორის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო პოლიციელი, რომელსაც ბრალად ედებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდის გარდაცვალება.

საუბარია 2020 წლის ივლისში მომხდარ ამბავზე, რა დროსაც პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი არაგვისპირთან მოზარდს შეეჯახა. პროკურატურამ განაცხადა, რომ პოლიციელი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. 15 წლის გოგო საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გუშინ, 22 აპრილს გაიმართა.

პოლიციელის ადვოკატი, ნუკრი კვინიკაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება სწორია. პროკურატურა და დაზარალებულის მხარე კი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„არ გავჩერდები… ბოლომდე ვიბრძოლებ“ – გარდაცვლილი მოზარდის დედა

გარდაცვლილი ოჯახის ადვოკატი, როლანდ ჭინჭარაშვილი ნეტგაზეთთან ყვება, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც მოსამართლემ იხელმძღვანელა, არ ითვალისწინებდა მნიშვნელოვან გარემოებებს, კერძოდ, მძღოლის სიმთვრალესა და მოწმეების ჩვენებებს.

„ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვები რაც იყო, კი არ გაეცა პასუხი, პირიქით, დაემატა კითხვები. დედისა და მოწმეების პოზიციები საერთოდ არ იქნა გაზიარებული.

შემთხვევის ადგილი განსაზღვრული არ არის, დედა ამბობს, რომ შეჯახება სამრეკვლოსთან მოხდა.. მერე ათრია ბავშვი 14-15 მეტრი… როდესაც მანქანა არ ჩერდება, ზებრა არსებობს, იქვეა საგზაო ნიშანი „ფრთხილად ბავშვები“ და ამ დროს მაინც ხდება შეჯახება…

სისხლის ლაქები, ტრაექტორიები არ არის საერთოდ გაზიარებული და თითქოს მხარემ წარმოადგინა ეს პოზიცია“, – გვიყვება ჭინჭარაშვილი.

რაც შეეხება ალკოჰოლურ თრობას, ჭინჭარაშვილი ყვება, რომ ადგილზე ჩატარებულმა ალკოტესტმა მძღოლის ნასვამობა აჩვენა, თუმცა სისხლის ანალიზი, რომელიც აუცილებელი იყო, 2 საათზე მეტ დროში ჩატარდა. ადვოკატი ამბობს, რომ სისხლის ანალიზი დაგვიანდა და, შესაბამისად, უკვე აღარ აჩვენა ორგანიზმში დაშვებულზე მეტი ალკოჰოლი.

მისივე თქმით, იგეგმება ალტერნატიული ექსპერტიზაც.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავასაჩივრო. ეს ასე არ დარჩება.აუცილებელად გავასაჩივრებ, სააპელაციოში, უზენაესში.. ბოლომდე ვიბრძოლებ, მაინც დავამტკიცებ, რომ ეს არის მკვლელი..“, – თქვა გარდაცვლილი მოზარდის დედამ პროცესის შემდეგ.

დაცვის მხარის პოზიცია?

ბრალდებულის ადვოკატი, ნუკრი კვინიკაძე ნეტგაზეთს უყვება, რომ პოლიციელის სიმთვრალის შესახებ ნებისმიერი მტკიცება სასამართლო ექსპერტიზამ უარყო.

მისი თქმით, შემთხვევიდან დაახლოებით 15 წუთში ჩატარდა ალკოტესტი, რომელმაც სისხლში 0.048 პრომილე აჩვენა – „0,3 პრომილე ითვლება, რომ ფხიზელია, 0.3 მეათედის ზემოთ ითვლება ალკოჰოლური სიმთვრალედ, მაგრამ ალკოტესტი არ არის ზუსტი მოწყობილობა, აქედან გამომდინარე გამოძიება სისხლის სამართლის საქმეებზე სისხლის ნიმუშით ატარებს ექსპერტიზას“.

ადვოკატი განმარტავს, რომ 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ პოლიციელს სისხლის ანალიზი აუღეს. ამ ანალიზმა მის სისხლში არც ალჰოკოლისა და არც ნარკოტიკული ნივთიერებების კვალი არ აჩვენა. ჩვენს კითხვაზე, ითვლება თუ არა 2 საათი და 40 წუთი დაგვიანებულ დროდ, ის ამბობს, რომ ეს ასე არ არის. კვინიკაძე განმარტავს, რომ რაკი ადგილზე სისხლის ანალიზის აღება შეუძლებელია, ასეთ შემთხვევებში პირი სტაციონარულ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ასე მოხდა ამ საქმეზეც – „როგორც კი დაათვალიერა გამომძიებელმა შემთხვევის ადგილი, გადაყვანილ იქნა გამომძიებლის მიერ მცხეთის საავადმყოფოში“.

ადვოკატის ცნობითვე, ამ საქმეზე ასევე დაინიშნა ავტოტექნიკური ექსპერტიზაც.

„ექსპერტიზით დადგინდა, რომ შეჯახებას ადგილი ჰქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სამოძრაო ზოლში. ასევე ექსპერტიზით დადგინდა, რომ ქვეითად მოსიარულე გადმორბოდა სავალ ნაწილზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ექსპერტიზა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მძღოლი ვერ შეძლებდა მოცემულ სიტუაციაში ქვეითად მოსიარულეზე დაჯახების თავიდან აცილებას“, – ამბობს ნუკრი კვინიკაძე და ამატებს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა რაიმე სახის ექსპერტიზა, რომელიც სასამართლო ექსპერტიზის პასუხებს ეჭვის ქვეშ დააყენებდა. შესაბამისად, „სასამართლომ მიიღო ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი