ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანიას თქმით, საქართველოსთან ვაჭრობა ვერ დაიწყება აღიარების გარეშე

23 აპრილი, 2021 •
ბჟანიას თქმით, საქართველოსთან ვაჭრობა ვერ დაიწყება აღიარების გარეშე

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, იმ დროს, როდესაც საქართველო არ აღიარებს აფხაზეთს, ოფიციალური სავაჭრო ურთიერთობები ვერ დამყარდება. ამასთან, როგორც ბჟანია აცხადებს, ამჟამად სომხეთი და რუსეთი დაინტერესებულნი არიან აფხაზეთის გავლით ტვირთების ტრანზიტი განახორციელონ მესამე ქვეყნებში და ამ კუთხით აფხაზეთს სურს იმოქმედოს რაციონალურად.

ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსულ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოსთან, TASS-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

გარდა სატრანზიტო საკითხებისა, ბჟანიამ რუს ჟურნალისტთან თბილისთან ურთიერთობის სხვა საკითხებიც მიმოიხილა, მათ შორის, ძალის გამოუყენებლობისა და მისი ყოფილი ასისტენტის თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიზიტის შესახებ. ასევე უპასუხა კითხვას, საქართველოში შესაძლო ბიოლოგიური ლაბორატორიებისა და ამ ლაბორატორიებიდან მომავალი საფრთხეების შესახებ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა საკითხის გააქტიურებას გეგმავს აფხაზეთი ჟენევის დისკუსიების მომავალი რაუნდისთვის, ბჟანიამ უპასუხა, რომ აფხაზურ მხარეს ეს საკითხი არაერთხელ აქვს წინ წამოწეული მრავალი წლის განმავლობაში.

“ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის ხელმოწერა. ქართული მხარე აცხადებს, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ნორმალური ურთიერთობები და გაზრდილი დნობა. ნორმალური ურთიერთობები და ნდობა როგორღაც არ არის თანხვედრაში ომთან.

ბევრია დამოკიდებული სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ ძალთა განაწილებაზე. უკეთესია, თუ იქნება მშვიდობა, ისე, რომ არ არსებობდეს ისტორია მშვიდობის იძულებით. აფხაზეთის ხელმძღვანელობას ესმის, თუ როგორ უნდა მოიქცეს. ჩვენ გვსურს მშვიდობის უზრუნველყოფა.

დამოუკიდებლობისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის საკითხი არ არის ის თემები, რასაც ჩვენ განვიხილავთ მათთან ან საერთოდ ვინმესთან. ეს თემები ჩვენთვის გადაჭრილია. მაგრამ მშვიდობა, ჩვენ ვისაუბრებთ მშვიდობის შესახებ, თუ საჭირო იქნება მთელი ძალით”, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იზიარებდა თუ არა ბჟანია მოსაზრებას, რომ საზღვარი საქართველოსთან დაკეტილი უნდა ყოფილიყო და არ უნდა არსებულიყო არავითარი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, ბჟანიამ უპასუხა, რომ იმ დროს, როდესაც აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ ცნობს თბილისი, ამგვარი ოფიციალური ურთიერთობები ვერ იარსებებს.

“ჩვენ არ გვაქვს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსთან. ისინი ჩვენ არ გვაღიარებენ. სახელმწიფოთაშორისო ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობები არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება ქვეყნის [აფხაზეთი] აღიარება და შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერა.

სახელმწიფო საზღვარი მიუყვება მდინარე ენგურს. ხალხი გადადის და ბრუნდება უკან. მიმდინარეობს ვაჭრობა. ჩვენ გვჭირდება, რომ ეს ვაჭრობა გავაკონტროლოთ და მივმართოთ ჩვენი სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესებისკენ. ხაზგასმით აღვნიშნავ, მე არ ვსაუბრობ საქართველოსთან [სახელმწიფოსთან] ვაჭრობაზე.

თუ სომხეთს და რუსეთს სურთ ეს და, როგორც მე ვხვდები, ისინი დაინტერესებულნი არიან, მაშინ ჩვენც ვართ დაინტერესებულნი აფხაზეთის გავლით ტვირთების ტრანზიტში. ეს არის შესაძლებლობა ფულის შოვნის, ხალხის დასაქმების. ამ მიმართულებით ჩვენ გვსურს ვიმოქმედოთ რაციონალურად.

ჟურნალისტმა ბჟანიას ასევე დაუსვა შეკითხვა მისი ასისტენტის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიზიტის შესახებ, რაზეც დე ფაქტო პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის მისი ასისტენტი აღარ იყო. “ჩემს ასისტენტებს იქ არაფერი აქვთ გასაკეთებელი”, – აღნიშნა ბჟანიამ.

საქართველოს საკითზე საუბრისას ჟურნალისტმა ბჟანიას ჰკითხა, შიშობს თუ არა “საქართველოს მიერ ბიოლოგიური ლაბორატორიების განვითარების გამო, მათ შორის საქართველოს დასავლელი პარტნიორების დახმარებით”, რაზეც ბჟანიამ განაცხადა, რომ ეს უნდა იყოს შეშფოთების საგანი, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობისთვის, რადგან შესაძლებელია ამ ლაბორატორიებში მოხდეს რაიმე ინციდენტი და შეცდომა.

გარდა საქართველოს საკითხისა, ასლან ბჟანიამ ინტერვიუში ისაუბრა დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობებზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყებაზე, სოხუმის აეროპორტზე, საგარეო და საშინაო საკითხებზე.


ბჟანია ამჟამად რუსეთის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

დე ფაქტო აფხაზეთში ოპოზიციური ჯგუფები უარყოფითად არიან განწყობილნი ქართულ მხარესთან ვაჭრობის ფორმალიზების იდეისადმი.

კრემლი პერიოდულად ცდილობს, საქართველოში არსებული, კვლევითი-სამეცნიერო ლაბორატორიები ბიოლოგიური საფრთხეების გავრცელებაში დაადანაშაულოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი