ახალი ამბები

ჩეხეთი ქვეყნიდან 63 რუს დიპლომატს აძევებს

23 აპრილი, 2021 •
ჩეხეთი ქვეყნიდან 63 რუს დიპლომატს აძევებს

ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა კიდევ 63-მა რუსმა დიპლომატმა უნდა დატოვოს. მათ ამისთვის თითქმის ერთი თვე ეძლევათ.

ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაკუბ კულჰანეკმა განაცხადა.

“ჩვენ გადავწყვიტეთ ვიმოქმედოთ ვენის კონვეციის 11-ე პუნქტის მიხედვით. ჩვენ ვუთანაბრებთ პრაღაში მყოფი რუსი დიპლომატების რიცხვს ჩვენი დიპლომატების რიცხვს მოსკოვში. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის დღეიდან და რუსეთს შეუძლია საკუთარი წარმომადგენლები მაისის ბოლომდე გაიწვიოს ქვეყნიდან”, – განაცხადა გუშინ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უმაღლესი ჩეხი დიპლომატის თქმით, ეს გადაწყვეტილება არ ეხება რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩეხეთში განათლების მიღების, ან სამუშაო მიზნით იმყოფებიან.

დიპლომატებთან ერთად ქვეყანას დატოვებენ მათი ოჯახის წევრებიც.


ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვა უკავშირდება 2014 წელს ჩეხეთში აფეთქებულ ტყვია-წამლის საცავს, რაც, ჩეხური მხარის მტკიცებით, რუსული სპეცსამსახურების მოწყობილი იყო. აფეთქებას ემსხვერპლა ორი ადამიანის სიცოცხლე.

ამ გადაწყვეტილებამდე ადრე ჩეხეთმა ქვეყნიდან გააძევა რუსეთის 18 ოფიციალური პირი. საპასუხოდ რუსეთის ფედერაციამ ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

კრემლის განცხადებით, ჩეხეთის მოქმედებები “ისტერიაა”.

ჩეხეთს სოლიდარობა გამოუცხადა ნატომ.

მასალების გადაბეჭდვის წესი